ახალი ამბები

ევროპაში ქურდობის, კონტრაბანდისა და სხვა დანაშაულებებისთვის საქართველოს 45 მოქალაქე დააკავეს

10 თებერვალი, 2021 • 1090
ევროპაში ქურდობის, კონტრაბანდისა და სხვა დანაშაულებებისთვის საქართველოს 45 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 9 თებერვალს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, იტალიაში, საფრანგეთსა და საბერძნეთში, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული საქართველოს 45 მოქალაქე დააკავეს.

როგორც უწყება ამბობს, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი თანამშრომლობდა ადგილობრივ პოლიციასთან, რის შედეგადაც ჩატარდა რამდენიმე ოპერაცია.

იტალია

როგორც უწყება ამბობს, 2021 წლის 9 თებერვალს, იტალიისა და საქართველოს შსს-ების თანამშრომლობით, ოპერაცია “კანონიერი ქურდის” ფარგლებში გამოავლინეს და დააკავეს იტალიის რეპსუბლიკის ტერიტორიაზე – 23, პოლონეთში – 2, საბერძნეთში – 1, ბელგიაში- 1 და სლოვენიაში – საქართველოს 1 მოქალაქე, რომლებიც იტალიის რესპუბლიკისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე აქტიურად სჩადიოდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს.

“გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ჩრდილოეთ იტალიაში ბინებს ქურდავდნენ, მოპარულ ნივთებს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე აბარებდნენ, ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით კი იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგალური ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას ცდილობდნენ.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების გამო, იტალიის რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტმა საქართველოს მოქალაქეების მიმართ საქმე აღძრა იტალიის სისხლის სამართლის კოდექსის 416-ე, 624-ე და 648-ე მუხლებით, რაც გულისხმობს კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბებას, ქურდობას, ასევე, ფულის გათეთრებას და მაქსიმალური სანქციის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე ვადით”, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების თქმითვე, ოპერაცია “კანონიერი ქურდის” 6-თვიანი თანამშრომლობის შედეგად,ორივე ქვეყანა ერთმანეთს ოპერატიულ ინფორმაციას უცვლიდა.

“საქართველოს მოქალაქეები, იტალიური საპოლიციო ძალებისათვის კვალის არევის მიზნით, აქტიურად იყენებდნენ გაყალბებულ მონაცემებსა და დოკუმენტაციას. ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებებისა და საქართველოს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით მოხდა ყველა პიროვნების იდენტიფიცირება, რომლებიც ხსენებულ დანაშაულებში მონაწილეობდნენ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

საფრანგეთი

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, ასევე 9 თებერვალს საფრანგეთში რამდენიმეთვიანი ოპერაცტიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთობლივი ოპერაცია „BRATVA-35“ ჩატარდა.

ოპერაციის ფარგლებში, საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქებში: როშ-სურ-იონში, ნუარში, ანჟერში, ბორდოსა და რენში ქართული წარმოშობის „კანონიერი ქურდი“ – კ.ა. და საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს.

“ფრანგი სამართალდამცველების მიერ დაკავებული პირები ორგანიზებული დაჯგუფების წევრები იყვნენ და საფრანგეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე აქტიურად ეწეოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას.

კერძოდ, მათ ბრალად ედებათ საფრანგეთის რესპუბლიკის სსკ-ის 131-ე, 132-ე, 311-ე, 321-ე, 450-ე მუხლებითა და საბაჟო კოდექსის 414-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები: ორგანიზებული ჯგუფის მიერ საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ობიექტებში ჩადენილი ქურდობის არაერთი ეპიზოდი, ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობა, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა/გასაღება და კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა, რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლის ვადით და ჯარიმას 375 ათასი ევროს ოდენობით”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი