ახალი ამბები

სააკაშვილი კორუმპირებულს უწოდებს უკრაინის ელჩს, რომელმაც მისი განცხადებები გააკრიტიკა

9 თებერვალი, 2021 • 1087
სააკაშვილი კორუმპირებულს უწოდებს უკრაინის ელჩს, რომელმაც მისი განცხადებები გააკრიტიკა

მიხეილ სააკაშვილი კორუმპირებულს უწოდებს უკრაინის ელჩს საქართველოში, რომელმაც თქვა, რომ მისი განცხადებები “არ ეხმარება” ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას.

უკრაინის ელჩის აღნიშნულ გნაცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

იგორ დოლგოვის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები არ ეხმარება ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებისა და ორმხრივი ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით და იმედი გამოთქვა, რომ მიხელ სააკაშვილის განცხადებები ვერ დააზიანებს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს.

“სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მიწევს იმ პირთა მიერ გაკეთებული განცხადებებზე კომენტარის გაკეთება, რომელნიც პირდაპირ არ არიან ჩართულნი საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებში. სამწუხაროდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები არ გვეხმარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებისა და ორმხრივი ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით.

ბუნებრივია, როგორც კონკრეტულ პირს, მას აქვს გამოხატვის უფლება. თუმცა ახლა, როდესაც პარლამენტსა და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია მეტ-ნაკლებად დარეგულირდა და ფოკუსირება სხვა, მეტად მნიშვნელოვან საკითებზე ხდება, ვინაიდან სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველო და უკრაინა კოვიდ პანდემიის წინააღმდეგ იბრძვიან, ასეთი მოწოდებები დაუმორჩილებლობასთან და კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებით ნამდვილად არ დაგვეხმარება. ეს არ დაეხმარება ქართველ ხალხს, მათ ერთიანობას და საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებს.

შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ ერთი კონკრეტული პირის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი მოქალაქის ერთი კონკრეტული აზრი ვერ დააზიანებს ჩვენს მეგობრობას და ჩვენი ხალხების სურვილს უფრო მეტად დაახლოებასთან დაკავშირებით.

ჩვენ გვჭირდება ძლიერი და ერთიანი საქართველოსსტრატეგიულ პარტნიორად. ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი და მისწრაფება, ვიყოთ ძლიერნი და საიმედონი ერთმანეთისთვის”,- განაცხადა  იგორ დოლგოვმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გმაართული შეხვედრის შემდეგ.

ელჩის აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი. ექსპრეზიდენტი წერს, რომ დოლგოვი, რომელიც 4 წლის წინ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მასთან ბრძოლის მიზნით დანიშნა, ზელენსკის ხელისუფლების პირობებშიც აგრძელებს უკრაინის იმიჯის დაზიანებას საქართველოსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში:

“დღეს ის მე თავს მესხმის აგრესიული რიტორიკით ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო და აცხადებს, რომ თურმე ეს ქართულ-უკრაინულ ურთიეერთობებს აყენებს ზიანს.

მე მას როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის მოქალაქე მივმართავ და ვაცხადებ, რომ ვფიქრობ, ის კორუმპირებულია და მჯერა, უკრაინის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ არც საქართველოს და არც უკრაინას ამგვარი ელჩები არ ჰყავდეს და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან. მე ღრმად ვარ დარმუწნებული, რომ ის მოსყიდული და კორუმპირებულია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო უკრაინის ინტერესების დაცვასთან. 
 
ის მე მადანაშაულებს ქართველი ხალხისთვის “უკანონო” დემონსტრაციებში მონაწილეობის მიღების მოწოდებაში. ეს ელჩი წარმოადგენს ქვეყანას, რომელმაც ორი “მაიდანი” გამოიარა, სადაც უკრაინელი ხალხი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ? ის ჩვეულებრივი საბჭოთა მოხელეა, რომელიც როგორღაც თანამდებობაზე დარჩა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ”, – წერს სააკაშვილი ფეისბუკზე. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი