ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“გახელაძის საქმეზე ყველაზე მსუბუქი გადაწყვეტილება იყო მიღებული” – ჯიოევი

9 თებერვალი, 2021 • 781
“გახელაძის საქმეზე ყველაზე მსუბუქი გადაწყვეტილება იყო მიღებული” – ჯიოევი

“მოსამართლეებმა ყველაზე მსუბუქი გადაწყვეტილება გამოიტანეს გახელაძის საქმეზე”, – ასე ეხმაურება მურატ ჯიოევი, პოსტკონფლიქტური საკითხების დარეგულირებაში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის მიმართ ცხინვალის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას – 12.5 წლით პატიმრობას.

“მედიაში მრავალრიცხოვანი ხისტი განცხადებები და კომენტარები გახელაძის საქმეზე წარმოადგენს უსაფუძვლო, ტრაფარეტულ და უხეშ შეურაცხყოფას სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მიმართ. სრულიად ნათელია, რომ გახელაძის საქმე გამოიყენება როგორც საბაბი უკვე არაერთხელ გამოთქმული პროპაგანდისტული და ცრუ გამონათქვამებისათვის”.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, შემთხვევა სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის ტერიტორიაზე მოხდა.

ზაზა გახელაძის მიმართ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცველებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო დარღვევისა და სამხედრო მოსამსახურეზე თავდასხმის მუხლით.

ბრალდების მხარე გახელაძისთვის 14 წლით პატიმრობას მოითხოვდა.

გახელაძე ცხინვალში გაასამართლეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით [317 და 322] [საზღვრის უკანონო დარღვევა და პოლიციელზე თავდასხმა მისი სიცოცხლის ხელყოფის მიზნით].

 

მასალების გადაბეჭდვის წესი