ნეტგაზეთი | პარლამენტმა ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის ინიციატივის განხილვა უნდა განაგრძოს – TI პარლამენტმა ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის ინიციატივის განხილვა უნდა განაგრძოს – TI – Netgazeti
RU | GE  

პარლამენტმა ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის ინიციატივის განხილვა უნდა განაგრძოს – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო პარლამენტს მოუწოდებს, გააგრძელოს ანტიკუროფციული სააგენტოს შექმნაზე მომზადებულ კანონპროექტზე მუშაობა.

ორგანიზაციის მიერ გარცელებული განცხადების თანახმად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის მე-10 მოწვევის პარლამენტის მიერ განხილვა. TI საქართველოს შეფასებით, ამგვარი დამოკიდებულება განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ გამოწვევების ფონზე, რომელთა წინაშეც საქართველო ამჟამად ანტიკორუფციული პოლიტიკის სფეროში დგას.

31 აგვისტოს, მე-9 მოწვევის პარლამენტში, ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების, თამარ ჩუგოშვილის, თამარ ხულორდავას, ირინე ფრუიძის, ნინო გოგუაძის და  დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატივა  ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ.

“კანონპროექტთა პაკეტი „საერთაშორისო გამჭვირვალობა  – საქართველოსთან” აქტიური თანამშრომლობით  შემუშავდა და მიზნად ისახავს კორუფციასთან ბრძოლის და პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს კორუფციის (მათ შორის მაღალი დონის კორუფციის) შემთხვევების ქმედით გამოძიებას, ანტიკორუფციული პოლიტიკის ეფექტიანად დაგეგმვასა და განხორციელებას, ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულების სათანადო მექანიზმების შექმნას, რაც წლების განმავლობაში ჩვენი ორგანიზაციის ადვოკატირების საგანს წარმოადგენდა”,-აცხადებენ TI-ში.

ორგანიზაციის ცნობითვე, ახალი უწყების ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს ძირითადი მიმართულებები იქნება:

  • საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენცია;
  • თანამდებობის პირების მიერ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების შესრულების კონტროლი;
  • კორუფციული დანაშაულების მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება;
  • პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის კონტროლი.

“კომიტეტის ეს გადაწყვეტილება მიუთითებს მმართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკური ნების არარსებობაზე, გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქვეყნის ანტიკორუფციული კანონმდებლობისა და პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, ასევე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით”, -ნათქვამია TI-ის განცხადებაში.

ორგანიზაცია ეფექტური ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პრაქტიკულად ყოველკვირეულ რეჟიმში აქვეყნებენ მასალებს მაღალი თანამდებობის პირების, სავარაუდოდ, კორუფციაში ჩართულობის შესახებ, რასაც უმეტეს შემთხვევაში ეფექტური გამოძიება არ მოჰყვება და, შესაბამისად, სათანადო რეაგირების გარეშე რჩება მრავალი მსგავსი შემთხვევა. ამას გარდა, ანტიკორუფციული რეფორმების შეჩერების გამო წლებია არ გაუმჯობესებულა საქართველოს შედეგი „კორუფციის აღქმის ინდექსში.“

“ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გააგრძელოს მუშაობა აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის მიღებაც ხელს შეუწყობს საქართველოში კორუფციის მხრივ არსებული პრობლემების გადაჭრას და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყანაში ქმედითი ანტიკორუფციული სისტემის ჩამოყალიბებისკენ.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.