ახალი ამბები

გერმანია, პოლონეთი და შვედეთი რუს დიპლომატებს აძევებენ

9 თებერვალი, 2021 • 1386
გერმანია, პოლონეთი და შვედეთი რუს დიპლომატებს აძევებენ

გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა რუსი დიპლომატების საპასუხო გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გასულ კვირას რუსეთმა ამ ქვეყნების 3 დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა, რადგან რუსული მხარის ბრალდებით, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ პროტესტში მონაწილეობდნენ, რასაც შემდეგ აქციის მონაწილეების დაკავებაც მოჰყვა.

ევროკავშირის ეს სამი ქვეყანა ბრალდებას უარყოფს. ეს ქვეყნები საპასუხო ნაბიჯით ქვეყნიდან ერთ რუს დიპლომატს გააძვებენ, ჯამში, სამს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით 4-5 თებერვალს იმყოფებოდა. მისია, რომლის გაცხადებული მიზანიც ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება იყო, სრულიად სხვაგვარად წარიმართა.

New York Times წერს, რომ ბორელის ვიზიტს თავიდანვე არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, რადგან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მოსკოვში ნავალნისთვის პატიმრობის შეფარდებიდან ორი დღის შემდეგ ჩავიდა. ბორელი საკუთარ ვიზიტს აფასებდა რუსეთთან, როგორც მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორთან, ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ მცდელობად. ამას გარდა, ვიზიტი იყო შესაძლებლობა, ევროკავშირისთვის პირდაპირ დაეფიქსირებინა საკუთარი მოთხოვნა ნავალნის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის  წევრები, პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ვიზიტის დრო არასწორად იყო შერჩეული და აკრიტიკებდნენ ბორელს, რომელმაც ვიზიტის პერიოდში დაკავებული ოპოზიციის ლიდერი არ მოინახულა.

“დოიჩე ველეს” ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ევროკავშირი “არასანდოდ” მოიხსენია. მისივე თქმით, გერმანიამ და საფრანგეთმა მოსკოვის მიმართ “ამპარტავნობა” გამოიჩინეს, როცა მოსკოვს არ მიაწოდეს საკმარისი ინფორმაცია ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საქმის გასარკვევად.

როგორც ბორელი ვიზიტის შემდეგომ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, ამ ნაბიჯით შეეცადა, შეემოწმებინა, რამდენად არის დაინტერესებული რუსეთის მთავრობა მოსკოვსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების მოწესრიგებითა და ნეგატიური ტენდენციის შეცვლით.

მისივე განცხადებით, მისიის მიზანი იყო ნავალნის დაპატიმრებისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების დაგმობაც, ასევე, დისკუსიების მომზადება ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს ფორმატში. ბორელი “ძალიან კომპლექსურს” უწოდებს 2-დღიან მისიას და მოსკოვს აკრიტიკებს გარემოსთვის, რომელიც ვიზიტის ფარგლებში, მათ შორის, მისი და სერგეი ლავროვის ერთობლივი პრესკონფერენციისას შეუქმნეს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირის დიპლომატების გაძევების შესახებ შეიტყო მისი ვიზიტის ბოლო საათებში, სოც. მედიის საშუალებით და ლავროვს გადაწყვეტილების შეცვლა სთხოვა, თუმცა, ამაოდ.

“აგრესიულად მოწყობილი პრესკონფერენცია და ჩემი ვიზიტის დროს ევროკავშირის 3 დიპლომატის გაძევება მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ მოისურვეს გამოეყენებინათ ევროკავშირთან უფრო კონსტრუქციული დიალოგის წარმოების შესაძლებლობა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ყოფილა მოულოდნელი, მაინც სამწუხაროა. გავბედავ და ვიტყვი, რომ რუსეთის სტრატეგიული პოზიციიდანაც. როგორც ევროკავშირს, ჩვენ მოგვიწევს შედეგებზე ფიქრი და ყურადღებით დაკვირვება იმ მიმართულებაზე, რომლითაც ჩვენი და რუსეთის ურთიერთობა უნდა წარვმართოთ…” ,- დასძენს ჟოზეფ ბორელი.

ბრალდებები და გაძევებული დიპლომატები: ბორელის უშედეგო ვიზიტი მოსკოვში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი