ახალი ამბები

მდინარაძის განცხადებას ოპოზიციასთან საუბრის დაწყების შესაძლებლობად განვიხილავ – ხვიჩია

9 თებერვალი, 2021 • 1358
მდინარაძის განცხადებას ოპოზიციასთან საუბრის დაწყების შესაძლებლობად განვიხილავ – ხვიჩია

“გირჩის” ლიდერ იაგო ხვიჩიას თქმით, ფრაქცია “ქართული ოცნების” წინადადება ნულოვანი ბარიერის განხილვის თაობაზე არის პირველი ნაბიჯი, თუმცა ის წინადადება, რისთვისაც “გირჩი” პარლამენტში შევა, “ჯერჯერობით არ დევს მაგიდაზე”.

“ითქვა, რომ თუ სრულად პროპორციული, უბარიერო სისტემა დაიდება, “გირჩი” შევა პარლამენტში და დარწმუნებულია, რომ სხვა პოლიტიკური ძალებიც შევლენ პარლამენტში. უბრალოდ, მამუკა მდინარაძის ეს დღევანდელი განცხადება არის ერთგვარი საუბრის დაწყება ამ თემაზე და არა თვითონ ის პირობა, რის გამოც “გირჩი” უნდა შევიდეს პარლამენტში”, – განაცხადა ხვიჩიამ “ტვ პირველის” ეთერში.

მან თქვა, რომ მამუკა მდინარაძეს და ირაკლი კობახიძეს რამდენიმე დღის წინ არაფორმალურ გარემოში შეხვდა და იცოდა, რომ “ქართული ოცნების” შიგნით არის შიდა დისკუსიები ნულოვან ბარიერზე.

“ქართული ოცნება” დიდი პარტიაა და არის აზრთა სხვადასხვაობა. ამიტომ მე ბატონი მდინარაძის განცხადებას ვთვლი, როგორც საუბრის დაწყების შესაძლებლობას ოპოზიციასთან. მე არ ვიცი, მათ როგორ სჯერათ, შევა თუ არა დანარჩენი ოპოზიცია ამ დაპირებაზე, მაგრამ ჩემი კონტრარგუმენტი იმაზე, რომ “ენმ-ს არცერთ შემთხვევაში არ უნდა შემოსვლა და უბრალოდ ამრევები არიან”, იყო — თქვენ დადეთ უბარიერო პროპორციული და თუ არ შემოვა ენმ და სხვა ოპოზიციური პარტიები, მე დავრწმუნდები იმაში, რომ მათთან ერთად ყოფნა არასდროს არ შეიძლება”, – განაცხადა ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიამ, ასევე, თქვა, რომ თუ ენმ-ის ლიდერ ნიკა მელიას დაიჭერენ, არანაირი შეთანხმება არ შედგება. ხვიჩია იმედოვნებს, რომ უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის შემთხვევაში პარლამენტში შესვლაზე დანარჩენ ოპოზიციასაც დაიყოლიებს.

ხვიჩია დაეთანხმა მოსაზრებას, რომ “გირჩი” ხელისუფლებასთან ვაჭრობს.

“ოღონდ ჩვენი ვაჭრობის საგანია პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით”, – თქვა მან.

“ლელოს” წარმომადგენელმა ლევან სამუშიამ იაგო ხვიჩიას “ტვ პირველის” ეთერშივე უპასუხა, რომ “ლელოს” ფუნდამენტური მოთხოვნაა ხელახალი არჩევნები და უბარიერო სისტემის გამო პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

ლევან სამუშიას კითხვაზე, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იაგო ხვიჩიამ უპასუხა:

“არ მაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეგ ვიძახო”.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, საარჩევნო სისტემის რეფორმის ფარგლებში მმართველი გუნდი უბარიერო სისტემასაც განიხილავს, თუმცა ამ პოზიციას მყარი არგუმენტაცია დასჭირდება.

“გირჩისგან” გვესმის პირობა, რომ თუკი დავთანხმდებით ნულოვან ბარიერს, ისინი და სხვა პარტიებიც შემოვლენ პარლამენტში. ეს იყო [გაცხადებული] როგორც საჯაროდ, ასევე, პირად საუბრებში”. საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს სხვა პარტიების დამოკიდებულება ამ პირობაზე”, – თქვა მდინარაძემ.

“ოცნება” მზადაა, ნულოვან ბარიერზე “გირჩის” პირობა განიხილოს

მასალების გადაბეჭდვის წესი