ახალი ამბები

“ელისაშვილი და იოსელიანი უშვებენ მძიმე შეცდომას” – მდინარაძე ჟვანიას შეცვლაზე

8 თებერვალი, 2021 • 980
“ელისაშვილი და იოსელიანი უშვებენ მძიმე შეცდომას” – მდინარაძე ჟვანიას შეცვლაზე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, “მოქალაქეების” ლიდერები “მძიმე შეცდომას უშვებენ” ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას შეცვლაზე საუბრით.

“მე ვფიქრობ, როგორც ბატონი ელისაშვილი, ასევე, ბატონი იოსელიანი უშვებენ მძიმე შეცდომას — ერთი მხრივ, საუბრობენ დემოკრატიის და სამართლებრივ პრინციპებზე და მეორე მხრივ, კონკრეტულ გვარს ახსენებენ, როდესაც ვინმეს გარეშე ან ვინმესთან ერთად არჩევნების ჩატარებაზე საუბრობენ. როდესაც კონკრეტული ადამიანი გარკვეული ვადით არის არჩეული და მისი თანამდებობა არჩევითია, სულ რომ წინათგრძობა და ხილვა გქონდეს და გჯეროდეს, რომ ნამდვილია (ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით), არ შეიძლება კონკრეტულ გვარზე ილაპარაკო, რომელიც არის არჩეული თანამდებობის პირი”, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის ფორმატში საუბარია საარჩევნო ადმინისტრაციის სამივე — ცენტრალურ, საოლქო და საუბნო — დონეზე კომისიების დაკომპლექტების წესის შეცვლაზე.

„ქართული ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგად შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა 8 თებერვალს გამართა. საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებმა, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებმა, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ექსპერტებმა სამუშაო ჯგუფის მუშაობის ფორმატზე, პრინციპებსა და სამომავლო კოორდინაციის საკითხებზე დახურულ კარს მიღმა იმსჯელეს.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერები აცხადებენ, რომ “ქართულ ოცნებასთან” გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, საარჩევნო რეფორმა გულისხმობს ცესკოს თავმდჯდომარის, თამარ ჟვანიას შეცვლასაც.

თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარე 2018 წლის დეკემბერში 5 წლის ვადით, 2023 წლამდე აირჩიეს.

“ოცნების” და “მოქალაქეების” მემორანდუმი — სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი