ახალი ამბები

“სკოლებში სწავლა მოუმზადებლად განახლდა” — სამინისტროს სასამართლოში უჩივიან

8 თებერვალი, 2021 • 954
“სკოლებში სწავლა მოუმზადებლად განახლდა” — სამინისტროს სასამართლოში უჩივიან

ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” [PHR] განათლების სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართავს.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ მიზეზი ეროვნული გეგმის არარსებობაა, რის გამოც პანდემიის პირობებში ბავშვებს სკოლებში საფრთხე ემუქრებათ.

როგორც ორგანიზაციის იურისტი ანა არგანაშვილი ნეტგაზეთთან განამრტავს, საქალაქო სასამართლოში საქმე უკვე დარეგისტრირდა, ვრცელი და ძირითადი სარჩელი კი სასამართლოში მალევე შევა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ვარეგისტრირებთ საქმეს, რომლითაც განათლების სამინისტროს ვუჩივით პანდემიის…

Posted by Anna Arganashvili on Sunday, 7 February 2021


არ არსებობს განათლების სამინისტროს მიერ შექმნილი ერთიანი გეგმა – რა მოთხოვნები აქვს ორგანიზაციას

ანა არგანაშვილი გვიყვება, რომ დღესდღეობით არ არსებობს იურიდიული დოკუმენტი, რომელიც სკოლებში უსაფრთხოების დაცვას ეხება და განათლების სამინისტროს მიერაა შემუშავებული.

საქმე ის არის, რომ 15 თებერვლიდან სკოლებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები შეიმუშავა ჯანდაცვის სამინისტრომ [37-ე დანართი]. არგანაშვილი განმარტავს, რომ ჯანდაცვის უწყება ვერ გაითვალისწინებდა რეკომენდაციებში განათლების კომპონენტის ადეკვატურად დამატებას.

“სარჩელი შეეხება განათლების სამინისტროს პასუხისმგებლობის დაყენებას იმის გამო, რომ სრულიად მოუმზადებლად, გაუაზრებლად და სამოქმედო გეგმის გარეშე ვხსნით სკოლებს, რითიც ბავშვების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, განათლების მიღების უფლებას, უსაფრთხოების უფლებას არღვევს და აყენებს საფრთხის ქვეშ”, – ამბობს არგანაშვილი.

როგორც იურისტი გვიხსნის, “განათლების სამინისტრო სოციალურ ქსელში რასაც აქვეყნებს, სამწუხაროდ, ეს არ არის გაწერილი ადეკვატურად მის ნორმატიულ აქტებში”. ამის საპირისიპიროდ კი საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი ნორმატიული აქტები, იქნება ეს მინისტრის ბრძანებები, მთავრობის დადგენილებები თუ სხვა.

“რასაც წერს განათლების სამინისტრო, ეს არ იძებნება, შესაბამისი აქტებით რომ იყოს გამყარებული. ამ წუთში რაც იძებნება, არის მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს 37-ე დანართი, ეს ეხება სკოლებში ჰიგიენის, დისტანციის და სხვა ჯანდაცვიდან გამომდინარე პირობების დაცვას.

მაგრამ [განათლების] სამინისტროს მსგავსი დოკუმენტი შემუშავებული, შესაბამისად, განათლების კომპონენტი ვერ ექნებოდა ჯანდაცვას ადეკვატურად გათვალისწინებული. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ განათლების სამინისტროს არ შეუსრულებია თავისი ვალდებულება და ამიტომ ვუჩივით. სანამ ძირითადი სარჩელით შევალთ, უზრუნველყოფა, რომელიც არის სწრაფი მოქმედების მექანიზმი – ამით მივმართეთ სასამართლოს. თუ ჩვენი ხმა არ ესმის, მშობლების აქციებს ვერ ხედავს და ბავშვების ხმა არ ესმის, მაშინ დაე, გაიგონოს სასამართლოს ხმა”, – აცხადებს არგანაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

“მთავარი შეცდომა, რასაც ჩვენ ვხედავთ, რასაც უშვებს განათლება, არის ის, რომ მთელი პასუხისმგებლობა გადააქვს სკოლებზე, ამ უმძიმეს დროს. თანაც ისე, რომ სკოლებს არ აქვთ ადეკვატური რესურსი. გარდა იმისა, რომ თავად გეგმა არ შეუსრულებიათ. ინდივიდუალურად 2000-ზე მეტ სკოლას სთხოვს პანდემიის მართვის გეგმას ისე, რომ არავინ იცის, შეუძლია თუ არა იმ კონკრეტულ სკოლას ან გეგმის გაწერა, ან შესრულება. ჩვენ გვიკავშირდებიან მასწავლებლები და გვეუბნებიან, რომ ჯანდაცვის რეგულაციების შესრულების რესურსიც არ ჰყოფნით.

მარტივად რომ გითხრათ, ჯანდაცვამ დანართში, ამ რეკომენდაციაში ჩაწერა, რომ ყოველი გაკვეთილის შემდეგ ყველა კარის სახელური, ყველა ზედაპირი, რომელსაც ეხებიან, ყველა საპირფარეშო უნდა დეზინფიცირდეს. ჩნდება კითხვა – 4-სართულიან შენობაში ერთი ან მაქსიმუმ ორი დამლაგებელია, ამიტომ აიძულებენ, რომ მასწავლებლებმა არა მხოლოდ შეასრულონ ის ვალდებულებები, რაც აქვთ, ასევე, ხშირად თავისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა გარისკონ. ვინაიდან დეზინფექციის წესებს ცოდნა სჭირდება, როცა ადამიანი ასრულებს იმ სამუშაოს, რომელიც არ იცის, რისკავს,”

არგანაშვილის შეფასებით, განათლების სამინისტროს მსგავსი დამოკიდებულება ნიშნავს, რომ არ იზრუნა სკოლების გაძლიერებაზე, “არ გაუზარდა დაფინანსება, არ მისცა,კონკრეტული გაიდლაინები”.

იურისტი განმარტავს, რომ სხვა საკითხებთან ერთად სკოლების გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, თუ რამდენ დღეს ივლის ბავშვი სკოლაში ან/და რა ცვლით.

“ეს ყველაფერი სამინისტრომ სკოლაზე გადაიტანა, თუ ჩაფლავდა და გაუჭირდება, ვერ შეასრულებს სკოლა, ისჯება სკოლა, ბავშვები და მშობლები. და თუ წარმატებით გამოვიდა, წარმატებას მიიწერს განათლების სამინისტრო. ეს არის დიდი უსამართლობა. ჩვენ გვინდა, რომ განათლების სამინისტრომ, ელემენტარულად, ეროვნული გეგმა შექმნას, სადაც სკოლის პასუხისმგებლობა და სკოლის არჩევანი არ იქნება ის, რაც შეიძლება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს ეხებოდეს”, – ამბობს ის.

ნეტგაზეთის კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყება, არგანაშვილი ამბობს, რომ სულ მცირე, განათლების სამინისტრო ვალდებული იქნება სკოლებში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია გაასაჯაროოს.

“ჩვენ მანამდე მათგან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, სამინისტრო რა მტკიცებულებებზე დაფუძნებით ამბობს, რომ დავიწყოთ ან არ დავიწყოთ სწავლა. ასევე, რომელ სკოლას რა უჭირს . ამას  უწყება არ გვაწვდის, ელემენტარულად, ამ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება გაუჩნდება და ჩვენ გავიგებთ, რამდენი სკოლაში რა პრობლემბაა, ბავშვები სად არიან უსაფრთხოდ და სად არის საფრთხის წინაშე.

შემდეგ, თუ სასამართლო გაიზიარებს, რომ ეს გადაწყვეტილებები არის მოუმზადებელი, რა თქმა უნდა, დაავალებს მომზადებას. ერთი დოკუმენტი ხომ უნდა იყოს, ერთი ეროვნული გეგმა სკოლების გახსნის?! მსგავსი დოკუმენტი არ არსებობს და ყველაფერზე ამბობენ, რომ სკოლებს მისცენ თავისუფლება. სკოლებს კი არ მისცეს თავისუფლება, თვითონ ჩამოიშორეს პასუხისმგებლობა”, – გვიყვება ანა არგანაშვილი.

რა რეკომენდაციებით უნდა დაიწყოს სკოლებში სწავლა 15 თებერვალს?

საქართველოში 15 თებერვლიდან საჯარო სკოლებში სწავლა უნდა განახლდეს. თუმცა, მართალია, ეს შეზღუდვა მოიხსნა, სკოლებს დამატებითი რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ, რომელიც თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.

რეკომენდაციების მიხედვით, სკოლის შესასვლელთან უნდა განხორციელდეს თერმოსკრინინგი, რათა გაკონტროლდეს მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, თანამშრომელთა და სკოლაში მომსვლელი ნებისმიერი ვიზიტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს 37 გრადუსი ან მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდება, 15 წუთის ინტერვალში უნდა მოხდეს ტემპერატურის გადამოწმება ვერცხლისწყლიანი თერმომეტრით, რომელიც შესაბამისი ხსნარით უნდა დამუშავდეს გამოყენებამდე.

ამასთან, ნებისმიერი პირი, გარდა მოსწავლეებისა, სკოლაში პირბადით უნდა შევიდეს, სკოლამ კი უნდა უზრუნველყოს როგორც ხელის ჰიგიენისთვის საჭირო ნივთიერებების არსებობა, ასევე, პირბადეების რეზერვი. სანიტარიული წერტილები კი ყოველი დასვენების შემდეგ უნდა დამუშავდეს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, სახელურები და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირები 3 საათში ერთხელ უნდა დამუშავდეს.

გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, დაუშვებელია რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.) პირების (მასწავლებლების, თანამშრომლების და მოსწავლეების) დაშვება დაწესებულების შენობაში.

ვრცლად წაიკითხეთ:

რა რეგულაციებით განახლდება სწავლა საკლასო ოთახებში


ნეტგაზეთი დაუკავშირდა განათლების სამინისტროს საპასუხო კომენტარისთვის. უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი