ახალი ამბები

პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო კიდევ 600 ადამიანი დააჯარიმეს

7 თებერვალი, 2021 • 888
პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო კიდევ 600 ადამიანი დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი იუწყება, რომ 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 668 ფაქტი გამოავლინეს.

68 შემთხვევაში პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად დააჯარიმა ადამიანები.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

ამას გარდა, პოლიციის თანახმად, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 600 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები“, – აფრთხილებს შსს მოსახლეობას.

პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ჯარიმა 20 ლარია, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 000 ლარით ჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი – 10 000 ლარით. განმეორებითი ჯარიმა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.


წუხელ პარლამენტის წინ მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით გაიმართა საპროტესტო აქცია, დაწესებული შეზღუდვების, მათ შორის „კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით.

აქციის მონაწილეებმა დემონსტრაციულად დაარღვიეს გადაადგილების შეზღუდვა, რომლის ძალითაც საღამოს 9-დან დილის 5 საათამდე გარეთ გასვლა აკრძალულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი