ახალი ამბები

“არაეთიკური და უსიამოვნო” – ევროპარლამენტარები წულუკიანის მიერ გვარამიას ნომრის გასაჯაროებაზე

5 თებერვალი, 2021 • 1099
“არაეთიკური და უსიამოვნო” – ევროპარლამენტარები წულუკიანის მიერ გვარამიას ნომრის გასაჯაროებაზე

ევროპარლამენტის 6 წევრის განცხადებით, მიმდინარე პერიოდში, საქართველოს პარლამენტში გაუფრთხილებლად დაირღვა პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება, რაც არასასიამოვნო და არაეთიკურია. ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიმართავენ და ასევე უარყოფითად აფასებენ ევროკავშირის ელჩისთვის ახსნა-განმარტების მოთხოვნას მას შემდეგ, რაც კარლ ჰარცელმა ხსენებული შემთხვევა “ზუსტად შეაფასა”.

განცხადების ავტორები პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროებას გულისხმობენ. მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა პოლიტიკოსის ამ ქმედებას არაეთიკური უწოდა, წულუკიანმა მისი პარლამენტში მიღების სურვილი გამოთქვა.

“მიმდინარე პოლიტიკური კრიზისით გამოწვეული საშიშროების შესამსუბუქებლად, თქვენივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები, მუდმივად მოვუწოდებდით თქვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, დაეკავებინათ თავიანთი მანდატები. ამავე დროს მოველოდით, რომ მხარეებისგან ადგილი აღარ ექნებოდა პოლიტიკურ თავდასხმებს და დამაპირისპირებელ განცხადებებს.

ამის გათვალისწინებით, სამწუხაროა, ძალიან უსიამოვნო და არაეთიკურია, როდესაც პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება გაუფრთხილებლად ირღვევა თქვენი დაწესებულების კედლებში. თანაბრად სამწუხაროა და უბრალოდ ცუდი ტონია, როდესაც ევროკავშირის ელჩის მიერ მოვლენების ზუსტ შეფასებას თქვენი კოლეგების მხრიდან მოჰყვება ახსნა-განმარტების მოთხოვნა”, – აღნიშნულია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

განცხადების ავტორთა თქმით, ელჩი ჰარცელი “ბოლო თვეების განმავლობაში არ ზოგავდა ძალისხმევას, რათა საქართველოს ჰქონოდა მოქმედი, პლურალისტური და დემოკრატიული პარლამენტი”.

“[ჰარცელის შეფასება] არ გამოხატავს მხოლოდ ”მის პირად აზრს”, არამედ გამოხატავს ევროკავშირის იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლისკენაც, წესით, თქვენი ქვეყანაც ისწრაფვის”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ევროპარლამენტარების თქმით, გასულ კვირას, როდესაც საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული წევრები ბრიუსელში ეწვივნენ, მათ გააცნეს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების “ამბიციური გეგმა”. განცხადების ხელმომწერთა თქმით, ქართველ პარლამენტარებს  “მეგობრულად შეახსენეს”, რომ “ამბიციური პოლიტიკური მიზნები ასეთივე ამბიციურ დემოკრატიულ სტანდარტებს საჭიროებენ”.

“საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური მხარის მიერ კეთილსინდისიერი მოქმედება და ენერგიული ძალისხმევის ხელახლა გამოჩენა, რათა მოხდეს პოლიტიკური გამოსავლის მოძებნა. ამ პროცესში ადგილი არ უნდა ჰქონდეს დამაპირისპირებელ განცხადებებს, პირად შეტევებს და შევიწროებისკენ წაქეზებას.

თქვენი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მანდატი მოითხოვს, რომ სხდომათა დარბაზში სუფევდეს წესიერების მაღალი ხარისხი, რათა უზრუნველყოფილ იქნას კონსტრუქციული დებატები და საკანონმდებლო პროცესის ეფექტური ზედამხედველობა. ვიმედოვნებთ, რომ მალე ვიხილავთ გამჭვირვალე და პლურალისტულ პარლამენტს, სწორედ ისეთს, როგორსაც ქართველი ამომრჩეველი მოელოდა. პატივისცემით, საქართველოს მეგობრები, ევროპარლამენტის წევრები”, – მიმართავენ ევროპარლამენტარები არჩილ თალაკვაძეს.

განცხადების ავტორები არიან:

  • ვიოლა ფონ კრამონი
  • სვენ მიკსერი
  • ანდრიუს კუბილიუსი
  • მარკეტა გრეგოროვა
  • მაიკლ გალერი
  • პეტრას აუსტრიევიჩუსი

მასალების გადაბეჭდვის წესი