ახალი ამბები

შემოვიდნენ პარლამენტში და საკუთარ თავს შეუწყვიტონ მანდატები — სამხარაძე ოპოზიციაზე

5 თებერვალი, 2021 • 833
შემოვიდნენ პარლამენტში და საკუთარ თავს შეუწყვიტონ მანდატები — სამხარაძე ოპოზიციაზე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ თუ ოპოზიციის წევრებს მანდატების შეწყვეტა სურთ, შეუძლიათ, პარლამენტში შევიდნენ და საკუთარ თავებს მანდატები თავად შეუწყვიტონ. ამის შესახებ მან “რუსთავი 2-ის” ეთერში ისაუბრა.

“მე მგონი, ჩვენ ნელ-ნელა უნდა გადავიდეთ სხვა საკითხებზე. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია ქვეყანაში განსახილველი. ვისაც სურს პარლამენტში შემოსვლა, კარი ღიაა. ჩვენ თავი შევიკავეთ მათი მანდატების შეწყვეტისაგან. თუ უნდათ, რომ მანდატები შეუწყდეთ, შემოვიდნენ პარლამეტში, მიაჭირონ ხელი მწვანე ღილაკს და შეიწყვიტონ თავიანთი მანდატები, თუ გულწრფელები არიან ამაში”, — განაცხადა სამხარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე —”ქართული ოცნება” არ შეუწყვეტს მანდატებს?” — სამხარაძე პასუხობს, რომ “ოცნება” ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას საჭიროდ არ თვლის.

“ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება უკვე, ჩვენ თავი შევიკავეთ. ეს არის მანდატები, რომელიც მათ მიანიჭა ქართველმა ხალხმა. შესაბამისად, ჩვენ არ ვთვლით საჭიროდ, რომ ჩვენს თავზე ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა. თუმცა თვითონ არიან 51 და 51 ხმა არის საჭირო, რომ მათ საკუთარ თავს შეუწყვიტონ მანდატი. კი ბატონო, შემოვიდნენ პარლამენტში და შეუწყვიტონ მათ თავიანთ თავს მანდატები”, — განაცხადა სამხარაძემ.

2 თებერვალს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი 51 დეპუტატის განცხადებას მათთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით.

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით აამოქმედა საპარლამენტო საქმიანობის საბოტაჟის პრევენციული მექანიზმი, ამავდროულად, ოპოზიციას სადეპუტატო მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთი შანსს აძლევს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ოპოზიციამ, საერთო ჯამში, 60 მანდატი მოიპოვა. თავდაპირველად ყველა ბარიერგადალახულმა პარტიამ არჩევნების გაყალბებულად გამოაცხადა და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა, თუმცა მოგვიანებით საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო “პატრიოტთა ალიანსიდან” გამოსულმა 4-მა (ავთანდილ ენუქიძე, გელა მიქაძე, დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია) და პარტია “მოქალაქეების” 2-მა დეპუტატმა (ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი). საპარლამენტო საქმიანობაში ამ დრომდე არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებები არ დაუწერია “გირჩის” სამ წარმომადგენელს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი