ახალი ამბები

სუს-მა გვითხრა, რომ არ უნდა ვინერვიულოთ და ყველაფერი მალე დასრულდება – გახელაძის მეუღლე

5 თებერვალი, 2021 • 923
სუს-მა გვითხრა, რომ არ უნდა ვინერვიულოთ და ყველაფერი მალე დასრულდება – გახელაძის მეუღლე

ცხინვალში დაპატიმრებული ზაზა გახელაძის ოჯახს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი შეხვდა. ოჯახის განცხადებით, უწყება ჰპირდება, რომ ხელისუფლება გახელაძის დროულად გასათავისუფლებლად იმუშავებს.

“რუსთავი2-ის” ინფორმაციით, შეხვედრა გახელაძის ოჯახის წევრებსა და სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს შორის გაიმართა.

“გვითხრა, რომ არ უნდა ვინერვიულოთ, არ უნდა ავყვეთ ემოციებს, მედგრად დავდგეთ და ყველაფერი მალე დასრულდება. შიგნით რა ხდება, ჩვენ ამაზე არ გვქონია საუბარი. გვაიმედებს, რომ მალე დასრულდება ყველაფერი და [ზაზა] მალე დაუბრუნდება ოჯახს”, – უთხრა ტელეკომპანიას ზაზა გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა.

მისი თქმით, უწყების წარმომადგენელს ხელისუფლების სამოქმედო გეგმის დეტალებზე არ უსაუბრია:

“[გეგმაზე] არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და არც არიან ალბათ ვალდებულები, რომ ყველა დეტალში ჩაგვახედონ. მწამს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება”.

ცხინვალის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ის 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, შემთხვევა სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის ტერიტორიაზე მოხდა.

ზაზა გახელაძის მიმართ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცველებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო დარღვევისა და სამხედრო მოსამსახურეზე თავდასხმის მუხლით.

მომხდარი დაგმეს როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა, ისე შერიგების სამინისტროში. საგარეო უწყება მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღონ გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.

მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღონ გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად – საგარეო

მასალების გადაბეჭდვის წესი