ახალი ამბები

TI: 10-დან 6 კომპანია, რომელმაც 2020-ში პირდაპირი შესყიდვებით ყველაზე მეტი ფული მიიღო, “ოცნების” შემწირველია

5 თებერვალი, 2021 • 800
TI: 10-დან 6 კომპანია, რომელმაც 2020-ში პირდაპირი შესყიდვებით ყველაზე მეტი ფული მიიღო, “ოცნების” შემწირველია

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშის მიხედვით, 10 კომპანიიდან, რომელმაც 2020 წელს გამარტივებული საელმწიფო შესყიდვებიდან ყველაზე მეტი თანხა მიიღო, 6 არის “ქართული ოცნების” და მისი მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველი.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გასულ წელს ათივე კომპანიამ, ჯამში, 165 მლნ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები მიიღო.

TI-ის თქმით, აღნიშნული კომპანიების მფლობელებმა ან/და დირექტორებმა 2016-2020 წლებში მმართველ პარტიას და სალომე ზურაბიშვილს 668 000 ლარი შესწირეს. გარდა ამისა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2 კომპანია („ინ-სი“ და „ანაგი“) ბიძინა ივანიშვილის “თანაინვესტირების ფონდის” პროექტებში არის ჩართული. ანგარიშის მიხედვით, ამ 6-მა კომპანიამ 2020 წელს პირდაპირი შესყიდვებიდან, ჯამში, 54 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღო, ხოლო 2013-2020 წლებში 149 მლნ ლარის კონტრაქტები აქვთ მიღებული:

“ზოგადად, პირდაპირი შესყიდვის გზით მაღალი ღირებულების კონტრაქტის მიღება კანონმდებლობით დაშვებულია და გარკვეულ შემთხვევებში, გადაუდებელ აუცილებლობასაც წარმოადგენს. ასევე, სახელისუფლებო პარტიისათვის თანხის შეწირვა ლეგიტიმურია, მაგრამ, როდესაც ხელისუფლება შესყიდვებზე გამოყოფილი თანხის მნიშვნელოვან ნაწილს სახელისუფლებო პარტიის შემომწირველებზე პირდაპირი შესყიდვის გზით ანაწილებს, ეს შესაძლო კორუფციულ კავშირებზე და არაეფექტიან ხარჯვაზე ლოგიკურ ეჭვებს აჩენს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, აუდიტის სამსახური და საგამოძიებო უწყებები ასეთი შემთხვევებით უნდა ინტერესდებოდნენ” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

კომპანიები, რომლებმაც 2020 წელს პირდაპირი შესყიდვებით ყველაზე მეტი თანხა მიიღეს

შპს „ინ-სი“ – 15.7 მლნ ლარი

TI-ის ანგარიშის მიხედვით, შპს „ინ-სიმ“ 2020 წელს 15.7 მლნ ლარამდე ჯამური ღირებულების 4 კონტრაქტი მიიღო გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით.  ორგანიზაციის განცხადებით, ოთხივე კონტრაქტი თბილისის განვითარების ფონდმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად გაუფორმა.

TI-ის განცხადებით, 2020 წლამდე „ინ-სის“ 105 მლნ ლარის გამარტივებული კონტრაქტები აქვს მიღებული, საიდანაც 85 მლნ ლარის კონტრაქტები თბილისის განვითარების ფონდზე მოდის. კომპანია სახელმწიფო კონტრაქტებს 2015 წლის ნოემბრიდან იღებს.

2011 წლიდან 2020 წლის ჩათვლით “„ინ-სის“ მოგებული აქვს 46 მლნ ლარის ელექტრონული ტენდერები. მათ შორის, ყველაზე მსხვილი – 34 მილიონლარიანი ტენდერი 2020 წლის მაისში მოიგო. დამკვეთი კვლავ თბილისის განვითარების ფონდი იყო.

„ინ-სის“ 100%-იანი წილის მფლობელი ნიკოლოზ ჩიქოვანია, ხოლო დირექტორი – ზვიად თოიძე, რომელმაც 2016 წლის ოქტომბერში „ქართულ ოცნებას“ 50,000 ლარი შესწირა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის განცხადებით, “ინ-სი” “პანორამა თბილისის” ერთ-ერთი პროექტის, “თაბორი-რიზორსის” შემსრულებელი კომპანიაა. თავის მხრივ, “პანორამა თბილისი” ბიძინა ივანიშვილის “თანაინვესტირების ფონდის” პროექტია.

შპს „ჯი-თი გრუპ“ – 12 მლნ ლარი

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც აღნიშნულ სიაში მოხვდა, შპს “ჯი-თი გრუპია”. კომპანიამ 2020 წელს 12 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 104 კონტრაქტი მიიღო გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით.

ანგარიშის მიხედვით, მას ყველაზე მსხვილი – 3 მლნ ევროს კონტრაქტი გასული წლის მარტში თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ავტობუსების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის გაუფორმა. გამარტივებული შესყიდვის წინაპირობა 2019 წელს თბილისის მერიისთვის 65 მლნ ლარის ღირებულების 220 ავტობუსის მიწოდება იყო.

“ზოგადად, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონი უშვებს გამონაკლისს, საქონლისა და მომსახურების ხარისხის შენარჩუნების გარანტიიდან გამომდინარე, გამოიყენო პირდაპირი შესყიდვა და იმ კომპანიისგან მიიღო მომსახურება, რომლისგანაც ძირითადი საქონელი (ამ შემთხვევაში ავტობუსები) შეიძინე” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

ანგარიშის მიხედვით, 2020 წლამდე კომპანიასთან 3.5 მლნ ლარამდე ღირებულების პირდაპირი სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტებია გაფორმებული, ხოლო ელექტრონული ტენდერებიდან „ჯი-თი გრუპს” 100 მლნ ლარზე მეტი აქვს მიღებული.

“ჯი-თი გრუპის მფლობელები გიორგი გველესიანი, გიორგი თავდიშვილი და თემურ უსტიაშვილი არიან. თემურ უსტიაშვილი ამავე დროს კომპანიის დირექტორიცაა, რომელმაც 2016 წლის სექტემბერში ქართულ ოცნებას 60,000 ლარი შესწირა. გიორგი გველესიანმა 2016 და 2018 წელს, ჯამში, 120,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს. 2020 წლის ივნისამდე კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან გოგსაძე იყო, რომელმაც 2016 წელს 38,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

შპს „ალფა“ – 9 მლნ ლარი

რაც შეეხება შპს “ალფას“, 2020 წელს კომპანიამ 9 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 3 მსხვილი კონტრაქტი მიიღო გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით. აქედან ორგანიზაცია გამოყოფს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული 2 808 400-დოლარიან კონტრაქტს, რომელიც ითვალისწინებს 5 ათასი ტონა შაქრისა და 400 ტონა მაკარონის რუსეთის ფედერაციიდან და ბელარუსიდან შესყიდვას.

TI-ის განცხადებით, 2020 წლამდე „ალფასთან“ 15 ათასი ლარის ღირებულების პირდაპირი სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტებია გაფორმებული, ხოლო ელექტრონული ტენდერებიდან 2 მლნ ლარამდე აქვს მიღებული. კომპანია სახელმწიფო კონტრაქტებს 2015 წლიდან იღებს.

შპს „ალფამ“ 2016 წლის ივლისში „ქართულ ოცნებას“ 120 000 ლარი შესწირა. TI-ის განცხადებით, კომპანიის 100% წილის მფლობელი კობა კურდღელაშვილია, ხოლო დირექტორი – გურამ ბროძელი. კობა კურდღელაშვილი 2008-2012 წლების მოწვევის პარლამენტში კასპის მაჟორიტარი იყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”.

შპს „New Road“ – 6.8 მლნ ლარი

შპს New Road-მა, ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს 6.8 მლნ ლარის ჯამური ღირებულების ერთი კონტრაქტი მიიღო გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით. მას კონტრაქტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების აღდგენითი სამუშაობისათვის გაუფორმა.

ორგანიზაციის განცხადებით, 2020 წლამდე New Road-ს პირდაპირი შესყიდვის გზით კონტრაქტი არ ჰქონდა გაფორმებული, ელექტრონული ტენდერებიდან კი 190 მლნ ლარამდე აქვს მიღებული. კომპანია ტენდერებს 2011 წლიდან იგებს.

TI-ის თქმით, New Road-ს 100% წილის მესაკუთრე და გენერალური დირექტორი დავით ჟღენტია, რომელმაც 2017 წელს „ქართულ ოცნებას“ 30,000 ლარი შესწირა.

შპს „უნივერსალ სპირიტს“ – 5.7 მლნ ლარი

შპს “უნივერსალ სპირიტსმა” კი 2020 წელს 5.7 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 19 კონტრაქტი მიიღო გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით. აქედან, TI-ს განცხადებით, 18 კონტრაქტი სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა კომპანია “აკურამ” გაუფორმა.

ორგანიზაციის განცხადებით, 2020 წლამდე „უნივერსალ სპირიტს“ 6 მლნ ლარამდე ჯამური ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვის გზით. გასულ წლებშიც კონტრაქტებს ძირითადად „აკურა“ უფორმებდა.  ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპანია კონტრაქტებს 2015 წლიდან იღებს და ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არ აქვს მიღებული.

“უნივერსალ სპირიტის” 100% წილის მესაკუთრე, TI-ს განცხადებით,  შპს “საქართველოს სპირტსახდელების გაერთიანებაა” დირექტორი კი ვლადიმერი ფოთოლაშვილია. “საქართველოს სპირტსახდელების გაერთიანების” დირექტორი კი ირაკლი ბექაურია, რომელმაც 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს 30,000 ლარი, ხოლო 2019 წლის ივნისში და 2020 წლის მარტში “ქართულ ოცნებას“, ჯამში, 60,000 ლარი შესწირა.

კომპანია “საქართველოს სპირტსახდელების გაერთიანების“ მფლობელები კი, ორგანიზაციის განცხადებით, ვახტანგ კარიჭაშვილი (80% წილი) და გიორგი ღამბაშიძე (20% წილი) არიან. “სტუდია მონიტორის” ინფორმაციით, ვახტანგ კარიჭაშვილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორია.

“ვახტანგ კარიჭაშვილი და გიორგი ღამბაშიძე ასევე ფლობენ შპს „კ და ქართული სპირტს“, სადაც დირექტორი ასევე ირაკლი ბექაურია. აღნიშნულმა კომპანიამ 2020 წელს 65,000 ლარის ღირებულების 2 კონტრაქტი მიიღო თავდაცვის სამინისტროსგან. აქედან პირველი კონტრაქტი 16 მარტს მიიღო, როდესაც ირაკლი ბექაურმა „ქართულ ოცნებას“ 20,000 ლარი 3 დღით ადრე, 13 მარტს შესწირა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

შპს „მზიური“ – 4.5 მლნ ლარი

ანგარიშში ასევე მოხვდა შპს „მზიური“, რომელმაც 2020 წელს 4.5 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 8 კონტრაქტი მიიღო გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით. აქედან ორგანიზაცია გამოყოფს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული 1,424,400- დოლარიანი კონტრაქტს, რომელიც ითვალისწინებს 1.5 მლნ ლიტრი ზეთის რუსეთის ფედერაციიდან შესყიდვას.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წლამდე შპს „მზიურს” სახელმწიფო შესყიდვების დიდი გამოცდილება არ ჰქონდა. TI-ში აღნიშნავენ, რომ მას არცერთ ელექტრონულ ტენდერში არ მიუღია მონაწილეობა, ხოლო გამარტივებული შესყიდვების გზით 2012-2019 წლებში მცირე ღირებულების მქონე 8 კონტრაქტი (ჯამურად 55,000 ლარამდე) აქვს მიღებული.

ორგანიზაციის განცხადებით, “მზიურის“ 100% წილის მფლობელი აკაკი ახვლედიანია. კომპანიის დირექტორი კი შოთა ბასილაშვილია, რომელმაც 2017 წელს „ქართულ ოცნებას” შესწირა 50,000 ლარი, ხოლო 2018 წელს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ საპეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 30,000 ლარი ჩაურიცხა. “მზიურის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა დიმიტრი რამიშვილმა, ორგანიზაციის განცხადებით, იმავე მოცულობის თანხები შესწირა „ქართულ ოცნებას” და სალომე ზურაბიშვილს.

ანგარიშის მიხედვით, ამ პირებმა, ჯამში, 160,000 ლარი გაიღეს სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი