ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია ცხინვალში შეხვედრებს მართავს

5 თებერვალი, 2021 • 563
რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია ცხინვალში შეხვედრებს მართავს

რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია, საერთაშორისო საკითხებში ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, კონსტანტინე კოსაჩოვის ხელმძღვანელობით, ცხინვალში ჩავიდა.

რუსი პარლამენტარები უკვე შეხვდნენ დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს.

ოფიციალური ცნობით, მხარეები ორმხრივ თანამშრომლობასა და ზოგადად შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრებენ.

“ჩვენი ამოცანაა, დავრწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენი კოლეგები ასევე მზად არიან თანამშრომლობისთვის. პარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის უთანხმოება ქვეყნისა და ხალხის ინტერესებზე მაღლა არ უნდა იდგეს”, – ციტირებს  ოსური მედია კოსაჩოვს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატების ნაწილი უკანასკნელი რამდენიმე თვეა ბოიკოტს უცხადებენ სხდომებს იქამდე, სანამ დე ფაქტო გენერალური პროკურორი, რომელსაც  ცხინვალელი ახალგაზრდის, ინალ ჯაბიევის სიკვდილში პასუხისმგებლობას აკისრებენ, არ გადადგება. ჯაბიევის ოჯახი ცხინვალში აქციებს დღემდე მართავს. თავის მხრივ, დე ფაქტო პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები ოპოზიციონერ დეპუტატებს ჯაბიევის საქმის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტსა და რუსეთის პარლამენტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი 2008 წლის სექტემბერში, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ მოეწერა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი