ახალი ამბები

“ლელო” მომხრეა, ვადამდელი არჩევნები 2022 წელს ბუნებრივი ბარიერით ჩატარდეს

5 თებერვალი, 2021 • 575
“ლელო” მომხრეა, ვადამდელი არჩევნები 2022 წელს ბუნებრივი ბარიერით ჩატარდეს

“ლელოს” პოლიტიკური კრიზისიდან ყველაზე რეალისტურ გამოსავლად მიაჩნია სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარება 2022 წლის გაზაფხულზე — ბუნებრივი ბარიერით, ახალი საარჩევნო სისტემით და ცესკო-ს ახალი შემადგენლობით.

მოთხოვნილი ვადამდელი არჩევნების თარიღის 2022 წლისთვის გადავადებას “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე იმით ხსნის, რომ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება და ორი არჩევნების ჩატარება ერთდროულად არარეალურად ესახება.

“მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ მძიმე ვითარების განმუხტვის პროცესში. დრო ყველა ჩვენგანის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს, რადგან რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება პოლიტიკური კრიზისი, მით უფრო გამწვავდება ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, გაღატაკდება ქვეყანა! მით უფრო რთული იქნება ამ ჩიხიდან გამოსვლა. ჩვენი ქვეყნის მომავალი არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ თითოელი მოქალაქის ხელშია”, – ნათქვამია ხაზარაძის განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გარეშე, ხელისუფლებასთან უსაგნო მოლაპარაკებების გაგრძელებას არ აპირებს.

“ლელო” და დანარჩენი ოპოზიცია, რომელსაც გაუყალბეს და მოპარეს არჩევნები, არ აპირებს ამასთან შეგუებას და პარლამენტში შესვლას. ეს დღესავით ნათელი უნდა იყოს მმართველი პარტიისთვის. ჩვენ არ ვაპირებთ მათთან ვაჭრობას და უსაგნო მოლაპარაკების გაგრძელებას, თუ არ იქნება შესრულებული ჩვენი მთავარი მოთხოვნა და მიღწეული მთავარი მიზანი – ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. თუ ეს არ მოხდება, გაფორმდება ერთპარტიული პარლამენტი და “ქართულ ოცნებას” მოუწევს სრული პასუხისმგებლობის აღება შექმნილ კრიზისზე, ხოლო მოსახლეობის ნახევარზე მეტი დარჩება პარლამენტში წარმომადგენლობის გარეშე”, – აცხადებს ხაზარაძე.


ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში არ შედის და განმეორებით არჩევნებს ითხოვს. ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს და ვადამდელ არჩევნებსაც გამორიცხავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი