ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მუნიციპალიტეტის კომისიამ გაკეთებული გზა არასწორად ჩაიბარა – დაწყებულია გამოძიება

5 თებერვალი, 2021 • 618
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მუნიციპალიტეტის კომისიამ გაკეთებული გზა არასწორად ჩაიბარა – დაწყებულია გამოძიება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე 5 პირი ამხილეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებს იმერეთის რეგიონში გზის რეაბილიტაციის ერთ-ერთი პროექტის ზედამხედველობა დაევალათ, თუმცა, გამოჩენილი სამსახურეობრივი გულგრილობის შედეგად, კონტრაქტორმა კომპანიამ ნაკლები სამუშაო შეასრულა.

ნეტგაზეთი უწყების პრესსამსახურს დაუკავშირდა, გვინდოდა გაგვეგო, იმერეთის რომელ მუნიციპალიტეტში მოხდა აღნიშნული ფაქტი და კონკრეტულად რომელ პროექტს ეხებოდა, თუმცა საგამოძიებო სამსახურმა ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდა. მიზეზად საქმეზე მიმდინარე გამოძიება დაასახელეს, რის გამოც “დამატებით დეტალებს” ვერ გვეტყოდნენ.

“გამოძიებით დადგინდა, რომ გასულ წლებში, იმერეთის რეგიონში განხორციელდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ზედამხედველობა და მიღება დაევალა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის შესაბამის კომისიას. ბრალდებულების მიერ, რომლებიც იყვნენ ამ კომისიის წევრები, არაჯეროვნად განხორციელდა დაკისრებული მოვალეობები, რამაც გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა.

კერძოდ, დანაშაულში მხილებულ პირთა მხრიდან გამოჩენილი სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა ნაკლები მოცულობის სამუშაოები, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული”,-წერია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, პასუხისგებაში მიცემულ პირთაგან სამი მოქმედი, ორი კი ყოფილი საჯარო მოხელეა. მომხდარზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი