კინო “რუსთაველის” შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შესაძლოა, ვიზუალი შეუცვალონ, ხოლო შენობის ფუნქციებს სასტუმროსა და საგამოფენო დარბაზები დაუმატონ. შესაბამისი განცხადება თბილისის არქიტექტურის სამსახურში უკვე შესულია, ხოლო წინასწარი ესკიზი – შეთანხმებული.
ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რის მოწყობას გეგმავს კომპანია Dephani რუსთაველის კინოთეატრის შენობაში, ვინაიდან პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თუმცა კომპანიამ კონცეფციის რამდენიმე დეტალზე ნეტგაზეთთან მაინც ისაუბრა. მათგან მიღებულ წერილობით პასუხში წერია:
“მოხდება კინოთეატრის შენობის რეკონსტრუქცია და რესტავრაცია, არსებულ შენობას დაუბრუნდება ძველი, ავთენტური სახე. აღდგება კინოთეატრის კინოდარბაზი, იქნება ინფრასტრუქტურა ფესტივალების და პრემიერების ჩასატარებლად, დაემატება ახალი ელემენტები, საგამოფენო და სამუშაო სივცრცეები, კაფეები და ასე შემდეგ“.
რაც შეეხება სასტუმროსა და სავაჭრო ცენტრს, კომპანიაში ამბობენ, რომ კინო “რუსთაველის” შენობაში სავაჭრო ცენტრი არ იქნება, “ხოლო სასტუმროს კომპონენტი იქნება მხოლოდ ერთ-ერთი, დამხმარე ელემენტი კინოთეატრ “რუსთაველის” განახლებული კონცეფციისა“ .
არქიტექტურის სამსახურის საიტზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, განმცხადებელს რუსთაველის კინოთეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოების (დაზვერვა, გაწმენდა, კონსერვაცია, რეკონსტრუქცია, რესტავრაცია, ადაპტაცია, უძრავი ძეგლის ცვლილება) ჩატარება სურს. რენდერების მიხედვით, რომელიც კომპანია Dephani-ს ეკუთვნის, თუ პროექტი დამტკიცდება, რუსთაველის თეატრი იქნება ასეთი:
კომპანიის მიერ წარმოდგენილი შენობის ვიზუალის კონცეფცია კი გამოიყურება ასე:
როგორც ნეტგაზეთს თბილისის არქიტექტურის სამსახურში უთხრეს, თანხმობა ამ დროისთვის მხოლოდ წინასწარ ესკიზზეა გაცემული, ანუ, შენობის შესაძლო ვიზუალზე. თუმცა, სანამ მშენებლობა დაიწყება, განმცხადებელმა უნდა გაიაროს პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის აღების სტადიები.
ესკიზის თანმდევი დოკუმენტაცია თბილისის მერიაში შექმნილმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ განიხილა. ამ საბჭოში შედიან როგორც მერიის, ისე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც Dephani-მ კინორუსთაველის რეკონსტრუქციის მიზნით, არქიტექტურის სამსახურში ესკიზი შეიტანა. ესკიზის განაცხადი ამავე კინოთეატრის რესტავრაციაზე Dephani-მ 2018 წელსაც შეიტანა, თუმცა მაშინ მერიისგან თანხმობა ვერ მიიღო. ძველი რენდერი მიხედვით, თანხმობის შემთხვევაში, ესკიზი შემდეგნაირი იქნებოდა:
ნეტგაზეთმა კომპანიას ჰკითხა, აქვს თუ არა რაიმე სახის გარანტიები ან კომუნიკაცია მერიასთან პროექტის დამტკიცების თაობაზე, რაზეც გვიპასუხეს, რომ რაიმე გარანტიებზე საუბარი არასერიოზულია.
“ესკიზის დამტკიცება არის მხოლოდ ერთ-ერთი, საწყისი ეტაპი პროექტზე მუშაობისა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბოლოო პროექტის შემუშავების შემდგომ ჩვენ მას ყველა დაინტერესებულ ჯგუფს წარვუდგენთ და შევეცდებით, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ რეკომენდაციები,“ – გვიპასუხეს კომპანიაში.