ახალი ამბები

“ვფიქრობ, შედეგიანია, მას შემდეგ წკავწკავებს” — წულუკიანი გვარამიას ნომრის გასაჯაროებაზე

4 თებერვალი, 2021 • 834
“ვფიქრობ, შედეგიანია, მას შემდეგ წკავწკავებს” — წულუკიანი გვარამიას ნომრის გასაჯაროებაზე

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ამბობს, რომ მის მიერ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროება “შედეგიანი” იყო.

მისი თქმით, გუნდთან ერთად ყოველთის იქნება სხვადასხვა ბულინგისა და “ფეიკ ნიუსის” მოწინააღმდეგე.

“ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური რიტორიკისა და პაექრობის ნაწილი და ეს არის ჩემი პროფესია. მე ვფიქრობ, შედეგიანია იმიტომ, რომ მას შემდეგ  ბატონი ნიკა გვარამია წკავწკავებს. ჩვენ ვცხოვრობთ უცნაურ პირობებში. ზოგიერთი, იქნება ეს ნიკა გვარამია თუ სხვები, ცდილობს გვაცხოვრონ უცნაურ პირობებში. მე უარს ვამბობ ამ პირობებში ცხოვრებაზე. მაგალითად, თუ მიხეილ სააკაშვილი იტყვის, რომ ოპოზიცია, ვინც პარლამენტში შემოვიდა, არიან გვამები, და მე  ვიტყვი, რომ ვინც არ შემოდის პარლამენტში, ისინი არიან გვამები, ნიკა გვარამია აწკავწკავდება და ამას სიუჟეტებს მიუძღვნის

თუ გვარამია სალომე ზურაბიშვილზე იტყვის უხამს სიტყვებს, ეს შეიძლება, მაგრამ თუ მე მას ამისთვის გავკიცხავ, ნიკა გვარამია კვლავ, მორიგ ჯერზე აწკავწკავდება და იტყვის, რომ ეს დაუშვებელია. თუ ჩვენი ოჯახის წევრებს გალანძღავენ, ეს დასაშვებია, თუ ჩვენ მის მეუღლეს შევაქებთ და ვიტყვით, რომ ის მზეთუნახავია, კვლავ აწკავწკავდება ნიკა გვარამია და იტყვის, რომ ეს დაუშვებელია. მიმაჩნია, რომ თუ სტანდარტი უნდა იყოს და ის დადგენილია, სტანდარტი უნდა მუშაობდეს ყველასთვის “, — განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას ნომერი ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ გაასაჯაროვა, რომელმაც ამავე სხდომაზე თავისი ნომერი გამოაცხადა. შეესაბამება თუ არ კანონს “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გამჟღავნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის.

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ  თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროება არაეთიკური იყო, რის შემდეგაც წულუკიანმა ელჩი პარლამენტში შესახვედრად მიიწვია. წულუკიანსა და ჰარცელს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრის შემდეგ წულუკიანმა განაცხადა, რომ ეს ელჩის პირადი პოზიციაა და არა ევროკავშირის. მისი თქმით, მნიშვნელოვანი არ არის, პირადად ვის რა პოზიცია აქვს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი