ახალი ამბები

შეხვედრა ჰარცელსა და წულუკიანს შორის გვარამიას ნომრის გასაჯაროების საკითხზე

4 თებერვალი, 2021 • 617
შეხვედრა ჰარცელსა და წულუკიანს შორის  გვარამიას ნომრის გასაჯაროების საკითხზე

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საქართველოს პარლამენტის წევრს, თეა წულუკიანს შეხვდა. შეხვედრა გაიმართა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროებასთან დაკავშირებით.

საქმე ეხება გუშინ, 3 თებერვალს ჰარცელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ელჩმა “არაეთიკური” უწოდა წულუკიანის მიერ გვარამიას ნომრის გასაჯაროებას და თქვა, რომ ამ ფაქტის ნახვისას “არასასიამოვნოდ გაკვირვებული” დარჩა. ევროკავშირის ელჩის განცხადებას მალევე გამოეხმაურა თეა წულუკიანი. მან თქვა, რომ “ძლიერ ისურვებდა” ჰარცელის პარლამენტში მიღებას მისი განცხადების განსახილველად.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ჰარცელის განცხადებით, ის მოხარულია, რომ აღნიშნული შეხვედრა გაიმართა. ასევე, მისი თქმით, შეხვედრის მიზანი იყო გვარამიას ნომრის გასაჯაროებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გაცვლა:

“შეხვედრის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ მივესალმები ამას, რადგან ჩემი აზრით, ყოველთვის კარგია განხილვა. როგორც ვიცით, ის [წულუკიანი] ჩემი გუშინდელი კომენტარის გამო უკმაყოფილო იყო, ასე რომ, მოგვეცა შესაძლებლობა ამ საკითხის განხილვის. დავრწუმენბულიყავით, რომ ორივე მხარეს ესმის ერთმანეთის პოზიცია. ვფიქრობ, ეს კარგია და მოხარული ვარ, რომ დღევანდელი შეხვედრა გაიმართა”, – განაცხადა ჰარცელმა.

კითხვაზე, რჩება თუ არა შეხვედრის შემდეგ ჰარცელი გუშინდელ პოზიციაზე, მან უპასუხა, რომ იმავე აზრზეა, თუმცა საუბრის დეტალების განხილვას არ აპირებს.

შეხვედრის შემდეგ წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას ჰარცელთან შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა, რადგან, მისი თქმით, გაირკვა, რომ ელჩის პოზიცია არ არის ევროკავშირის პოზიცია, არამედ მისი პირადი აზრია:

“ჩემი მოწვევით ბატონი ჰარცელი საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა მის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით. შეხვედრის დეტალებს, მასთან შეთანხმებით, ვერ გაგიმხელთ, ასე შევთანხმდით, თუმცა შემიძლია, როგორც მან ისაუბრა, მეც ზოგადად გითხრათ, რომ ეს შეხვედრა იყო საინტერესო და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნაყოფიერი იმიტომ, რომ ამ შეხვედრის დროს გაირკვა, როგორც მან აღნიშნა, რომ მისი გუშინდელი განცხადება ჩემთან და ჩემს პოლიტიკურ განცხადებასთან დაკავშირებით არის მისი პირადი პოზიცია, მისი პირადი აზრი, რაც რა თქმა უნდა, ნიშნავს და დადასტურდა კიდეც, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია”, – განაცხადა წულუკიანმა.

2 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და პარლამენტის განათლების, მეცნირებისა და კულტურისა კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა. წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გვარამიას ნომერი ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ გაასაჯაროვა, რომელმაც ამავე სხდომაზე საკუთარი ნომერი გამოაცხადა.

“მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან პირდაპირ ეთერში ხმამაღლა გამოაცხადა მისი ნომერი, ტელეფონზე უცნობი ადამიანების ზარები შედის. ფეისბუკის პირად გვერდზე გვარამიამ მიმართა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, გამოეხმაუროს აღნიშნულ ფაქტს, თუ რამდენად სწორია უფლებრივად მისი პირადი ინფორმაციის გასაჯაროება.

ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის, შეესაბამება თუ არ კანონს “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გამჟღავნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი