ახალი ამბები

შეზღუდვების დარღვევაზე სანქციები მკაცრდება

4 თებერვალი, 2021 • 534
შეზღუდვების დარღვევაზე სანქციები მკაცრდება

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებასთნ ერთად, მთავრობა წესების გამკაცრებას გეგმავს.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, შესაბამის გადაწყვეტილებას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.

“დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას მიზანშეწონილობის შესახებ, რომ როდესაც, მაგალითად, პირბადის ტარების წესის დარღვევა განმეორებით მოხდება, შესაბამისი ჯარიმა გაორმაგდეს. ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ წესების მიზანმიმართულ დარღვევას, გარდა იმისა, რომ უმკაცრესი დასჯა მოჰყვება, ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოსგან სუბსიდირებას და დახმარებას, რომელიც ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით იყო გათვალისწინებული, ასევე, მომავალში მონაწილეობას ვერ მიიღებენ სახელმწიფოს მხარდაჭერის ვერც ერთ ღონსიძიებაში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღემდე მოქმედი რეგულაციით, პირბადის წესის დარღვევისთვის პირს 20 ლარით აჯარიმებენ. შესაბამისად, როგორც გახარია ამბობს, დარღვევის გამეორების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება.

პრემიერ-მინისტრისვე განცხადებით, საქართველოში კორონავირუთსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქება 8 თებერვლიდან დაიწყება.

კერძოდ,

  • 8 თებერვალს საქართველოს ყველა ქალაქში, მათ შორის, თბილისში, აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (ეს არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს);
  • 8 თებერვლიდან იხსნება ბაზრობები;
  • 15 თებერვლიდან რესტორნები ღია სივრცეებში შეძლებენ ადამიანთა მომსახურებას;
  • 15 თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქგში სწავლა განახლდება სკოლების შენობებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი