ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ConIFA-ს ტურნირი გამორიცხავს სოხუმისა და ცხინვალის რაიმე ფორმით აღიარებას | საგარეო

3 თებერვალი, 2021 • 882
ConIFA-ს ტურნირი გამორიცხავს სოხუმისა და ცხინვალის რაიმე ფორმით აღიარებას | საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საფეხბურთო გუნდების ConIFA-ს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობა “სრულიად გამორიცხავს მათ რაიმე ფორმით აღიარებას და ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს მათ ე.წ. დამოუკიდებლობას”.

“ე.წ. „ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი“ პირველად არ ტარდება. სხვადასხვა წლებში შვედეთში, უნგრეთში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩატარდა, რომელსაც სრულად ემიჯნებოდნენ აღნიშნული ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციები, როგორც არაღიარებული რეგიონების კერძო სპორტულ ღონისძიებებს.

შესაბამისად, 2021 წლის ივნისში ნიცაში არაღიარებული რეგიონების წარმომადგენლებისთვის დაგეგმილ კერძო სპორტულ შეჯიბრებაში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ფეხბურთელების მონაწილეობა სრულად გამორიცხავს სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების რაიმე ფორმით ლეგიტიმაციას”, – განუცხადეს ნეტგაზეთს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კითხვაზე პასუხად, თუ რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავდა ქართული მხარე აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით.

“პირიქით, აღნიშნული ხაზს უსვამს სწორედ იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას, რაც კიდევ ერთხელ სამართლებრივად დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებამ”, – აცხადებენ უწყებაში.


ConIFA-ს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი წელს საფრანგეთში, ნიცაში გაიმართება.

ტურნირი, რომლის ჩატარებაც 9-19 ივნისსაა დაგეგმილი, 12 საფეხბურთო გუნდს უმასპინძლებს, რომლებიც ევროპის კონტიგენტის არაღიარებულ რესპუბლიკებს, რეგიონებსა და უმცირესობათა ხალხების სამოყვარულო თუ პროფესიულ ნაკრებებს აერთიანებს.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ გუნდები დე ფაქტო აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდანაც.

არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატი ფეხბურთში საფრანგეთში გაიმართება | CONIFA

მასალების გადაბეჭდვის წესი