ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატი ფეხბურთში საფრანგეთში გაიმართება | CONIFA

1 თებერვალი, 2021 • 1954
არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატი ფეხბურთში საფრანგეთში გაიმართება | CONIFA

არაღიარებულ სახელმწიფოთა შორის ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2021 წელს საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში გაიმართება.

ე.წ. ჩემპიონატი, რომელიც FIFA-სა და, შესაბამისად, UEFA-ს მიერ არაღიარებულ საფეხბურთო ფედერაციებს მოიცავს, 9-19 ივნისს ორ ეტაპად გაიმართება.

ჯგუფური ეტაპის გავლის შემდეგ გუნდები ერთმანეთს ოლიმპიური სისტემით დაუპირისპირდებიან.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 12 სხვადასხვა თვითგამოცხადებული რესპუბლიკა ან სამოყვარულო ნაკრები, რომლებიც 4 სხვადასხვა ჯგუფში განაწილდებიან. თითო ჯგუფში სამი ნაკრები იქნება წარმოდგენილი.

გუნდები სამ სხვადასხვა კალათაში არიან განაწილებულნი, სადაც პირველ კალათაში შედარებით ძლიერი, ხოლო მესამე კალათაში შედარებით სუსტი გუნდები მოხვდნენ, მათ შორის:

  • პირველი კალათა: ნიცის საგრაფო, სამხრეთ ოსეთი, პადანია, აფხაზეთი
  • მეორე კალათა: საპმი, დასავლეთ სომხეთი, ჩრდილოეთ კვიპროსი, არცახი [მთიანი ყარაბაღი]
  • მესამე კალათა: სზეკელი, ჩამერია, სარდინია, კორნუოლი

ორგანიზაციამ ასევე წარმოადგინა სარეზერვო გუნდთა სია, იმ შემთხვევისთვის, თუ უკვე კვალიფიცირებული გუნდების ნაწილი ვერ შეძლებს ტურნირში მონაწილეობას. ასეთ შემთხვევაში, გუნდები “ორი სიციალია, კარპატები და რომას ხალხი [იგივე ბოშები], ჩაანაცვლებენ მათ.

CONIFA-ს ერთ-ერთმა პრეზიდენტმა, ალბერტ რიშიომ განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, ტურნირში მონაწილეობისთვის ყველა  გუნდმა უნდა დაიცვას საფრანგეთში არსებული რეგულაციები.

“ყველა გუნდი წარმოადგენს კორონავირუსის ტესტს, სანამ ისინი ჩამოფრინდებიან ნიცაში. მას შემდეგ, რაც ჩამოფრინდებიან, კიდევ ერთხელ გაიკეთებენ ტესტებს, რომელთაც ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები აიღებენ, რათა შემოწმდეს მათი ჯანმრთელობა”, – განაცხადა რიშიომ.

რა არის CONIFA 

CONIFA, იგივე დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია FIFA-ს მიერ არაღიარებული საფეხბურთო ფედერაციების ერთგვარი გაერთინაებაა.

ის მოიცავს პროფესიულ და/ან სამოყვარულეო ფედერაციებს დე ფაქტო რესპუბლიკებიდან, რეგიონებიდან და უმცირესობის ხალხებიდან.

ორგანიზაცია 2013 წელს დაარსდა, ხოლო პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 2014 წელს შვედეთში ჩაატარა, რომელიც ნიცის საგრაფომ მოიგო.

2016 წელს ჩემპიონატი დე ფაქტო აფხაზეთში გაიმართა, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.

2019 წლის ევროპის ჩემპიონი გახდა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის გუნდი.


დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, ნიცის საგრაფოსთან ერთად, ტურნირის მთავარ ფავორიტებად ითვლებიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი