ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალგორში მცოცავი “ეთნიკური” წმენდა გრძელდება | DRI

3 თებერვალი, 2021 • 1501
ახალგორში მცოცავი “ეთნიკური” წმენდა გრძელდება | DRI

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებით, ოკუპირებული ახალგორის რაიონში კვლავ გრძელდება ქართველთა ეთნიკური დევნა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა.

“ანატოლი ბიბილოვის ხელისუფლებაში მოსვლის პარალელურად, მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. სკოლებში შეიზღუდა ქართულ ენაზე განათლების მიღება, გახშირდა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავების შემთხვევები, გადაადგილების უფლების მოპოვებისთვის დაწესდა ბიუროკრატიული ბარიერები.

მდგომარეობა განსაკუთრებით ჩორჩანა-წნელისის კრიზისმა გაამწვავა, რომლის შემდგომაც ანატოლი ბიბილოვის დე ფაქტო ხელისუფლებამ, თბილისზე ზეწოლის მიზნით, ახალგორის მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდა. სრულმა იზოლაციამ ახალგორი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დააყენა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისაგან ახალგორის დაცლას ემსახურება და მცოცავი „ეთნიკური“ წმენდა შეიძლება ვუწოდოთ”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ახალგორის მოსახლეობა შექმნილი მძიმე პირობების გამო მცირდება.

“განვლილი წელიწად-ნახევრის განმავლობაში, სხვადასხვა წყაროების შეჯერების შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ახალგორის მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ადგილობრივ მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებზე, რამაც პანდემიის პირობებში განსაკუთრებით დაამძიმა ადგილობრივების მდგომარეობა. ამასთანავე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო ახალგორელები ვერ გადმოდიან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რის გამოც ვერ იღებენ შესაბამის დახმარებებს. შედეგად, მრავალმა ოჯახმა რაიონის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო”, – აცხადებს DRI.

ორგანიზაციაში აცხადებენ რომ დე ფაქტო ცხინვალის მოქმედებები “დისკრიმინაციულია და ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს”.

“გასული, 2020 წლის მიწურულს, მკვეთრად გაუარესებული მიგრაციული პროცესების გამო, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ, ახალგორელებისთვის სპეციალური გადაადგილების საშვების გაცემა დაიწყო. თუმცა პროცესი რთულად და დისკრიმინაციულად მიმდინარეობს. დე ფაქტო ხელისუფლების მიერ შედგენილ ე.წ. შავ სიაში ასამდე ადამიანია შეყვანილი, რომლებიც გაურკვეველი მიზეზით საშვებს ვერ მიიღებენ. აღნიშნულ საკითხზე დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს განმარტება არ გაუკეთებიათ. ნიშანდობლივია, რომ სიაში მოხვედრილთა დიდი ნაწილი საჯარო სამსახურში დასაქმებული პირია.

რა მოსაზრებებითაც არ უნდა იყოს ნაკარნახევი ცხინვალის პოლიტიკა გადაადგილების თავისუფლებასთან მიმართებაში, ის ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს, ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და იწვევს ადგილობრივი მოსახლეობისაგან რაიონის დაცლას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

შექმნილი ვითარებიდან გამოსავლად DRI-ში ესახებათ საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის მობილიზება და ახალგორელი მოსახლეობისთვის დახმარების სპეციალური პაკეტის შემუშავება.

“ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის მობილიზება, რათა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ და რუსეთის ფედერაციამ, რომელიც ამ ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, შეწყვიტონ ახალგორელთა უფლებების შეზღუდვა. ამასთანავე, საქართველოს ხელისუფლებამ დროულად უნდა შეიმუშაოს ახალგორელთა დახმარების სპეციალური პაკეტი, რათა მათ, ხანგრძლივი იზოლაციის პირობებში, საკუთარი სახლების დატოვების გარეშე, შეძლონ ცხოვრებისათვის ელემენტარული პირობების უზრუნველყოფა”.


ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება, განსხვავებით სოხუმისგან, ახალგორის მოსახლეობას არ აძლევს საშუალებას სამედიცინო დახმარება მიიღოს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

კორონავირუსს ემსხვერპლა ახალგორელი ექიმი, 68 წლის ონისე გათენაშვილი. ოჯახი პაციენტის თბილისში გადაყვანას მოითხოვდა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებამ იგი თბილისის ნაცვლად ცხინვალში გადაიყვანა, სადაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და საბოლოოდ გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი