ახალი ამბები

პარლამენტი ეროვნული უსაფრთხოების ახალ კონცეფციას და თავდაცვის კოდექსს მიიღებს

3 თებერვალი, 2021 • 1106
პარლამენტი ეროვნული უსაფრთხოების ახალ კონცეფციას და თავდაცვის კოდექსს მიიღებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციისა და თავდაცვის კოდექსის მიღებას აანონსებს.

თალაკვაძემ პარლამენტის სამოქმედო გეგმის თაობაზე მოხსენებით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ტრადიციული საფრთხეების არსებობა, ასევე, რეგიონში ძალთა ბალანსის ცვლილება, საქართველოსგან მოითხოვს უსაფრთხოების სფეროში პარტნიორებთან მაღალი დონის თანამშრომლობას. მისი თქმით, ოკუპაციის მიუხედავად, საქართველო მაინც რჩება უსაფრთხოების სფეროში დასავლეთის საიმედო მოკავშირედ რეგიონში.

საკანონმდებლო ორგანოს უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი როლი აქვს — თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში რეფორმების საკანონმდებლო მხარდაჭერა და, რაც მთავარია, საპარლამენტო კონტროლის განხორციელება. ამ მხრივ, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, პარლამენტი გეგმავს ეროვნული უსაფრთხოების ახალ კონცეფციაზე მუშაობას, რომელშიც პრიორიტეტულ ადგილს დაიკავებს ჰიბრიდული საფრთხეების, მათ შორის, კიბერსაფრთხეების,  ანტიდასავლური პროპაგანდისა და ინფორმაციული ოპერაციების საპასუხოდ ეროვნული შესაძლებლობებისა და საზოგადოების მედეგობის გაძლიერება”,  – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, პარლამენტი მიიღებს თავდაცვის კოდექსს, რომელიც მოაწესრიგებს სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, გააუმჯობესებს თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობას და მოახდენს თავდაცვის სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების კოდიფიცირებას.

“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საპარლამენტო დიპლომატიას და პარლამენტის ჩართულობას საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში. ამ მხრივ, ჩვენ გვყავს გამორჩეული გუნდი და საერთაშორისო დონეზე საპარლამენტო კავშირების გაძლიერება იქნება საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა”, – დასძინა არჩილ თალაკვაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი