ახალი ამბები

პროკურატურა: ფარცხალაძეზე განაჩენს გავასაჩივრებთ

2 თებერვალი, 2021 • 1092
პროკურატურა: ფარცხალაძეზე განაჩენს გავასაჩივრებთ

საქართველოს პროკურატურაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ გაასაჩივრებენ ყოფილი მთავარი პროკურორის შესახებ სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, რომელიც მიხედვითაც ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეში ოთარ ფარცხალაძე გამართლდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. პირველი ინსტანციის სასამართლომ თორდიას ცემის საქმეში ფარცხალაძე გაამართლა, ჩხუბში მის თანმხლებ პირს, მიხეილ ჩოხელს კი 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ლაშა თორდიამ, რომელიც გენერალური აუდიტორის პოსტს იკავებდა, 2017 წლის 13 მაისს განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძემ და მისი დაცვის წევრებმა კლუბ “ელ ცენტროში” სცემეს.

თორდიას განმარტებით, ფარცხალაძის აგრესია გამოიწვია აუდიტის სამსახურის კვლევამ, რომელიც მერიასა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობებს ეხებოდა. თავად ფარცხალაძემ ბრალდებები უარყო.

შსს-მ გამოძიება იმავე დღეს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 22 მაისს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთარ ფაცხალაძესა და  ლაშა თორდიას შორის ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა.

წელიწადნახევრის შემდეგ, 2018 წლის 5 ნოემბერს, მთავარმა პროკურატურამ ლაშა თორდია დაზარალებულად ცნო და ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალი წარუდგინა. ორივე ბრალდებულს აღვეთის ღონისძიების სახით 5000-5000 ლარიანი გირაოთი შეეფარდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი