ახალი ამბები

წულუკიანმა გვარამიას ნომერი გაასაჯაროვა, “მთავარი არხის” დირექტორი ომბუდსმენს მიმართავს

2 თებერვალი, 2021 • 871
წულუკიანმა გვარამიას ნომერი გაასაჯაროვა, “მთავარი არხის” დირექტორი ომბუდსმენს მიმართავს

“მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან პირდაპირ ეთერში ხმამაღლა გამოაცხადა მისი ნომერი, ტელეფონზე უცნობი ადამიანების ზარები შედის. ამის შესახებ გვარამიამ საკუთარ ფეისბუკის გვერდზე დაწერა.

ამასთან, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გვარამიამ მიმართა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, გამოეხმაუროს აღნიშნულ ფაქტს, თუ რამდენად სწორია უფლებრივად მისი პირადი ინფორმაციის გასაჯაროება:

“ახლა გასაგებია, რატომ განახლდა მხოლოდ ჩემი პროცესი და რატომ ეჩქარებათ ჩემი იზოლაცია – როგორც აღმოჩნდა, მე არ ვუშვებ ოპოზიციას პარლამენტში, აი, ასე, მონებად მყავს. ასე ჰგონია თავად მონას და სხვარიგად არ ძალუძს. რა შესანიშნავია ხოლმე ქალბატონი წულუკიანი თავის უკიდეგანო სიშტერეში.

ნინო ლომჯარია, უფლებრივად რამდენად სწორია ჩემი პირადი ინფორმაციის გასაჯაროება, ასევე რამდენადაა ეს მორიგი მტკიცებულება ჩემი პოლიტიკური დევნის, თქვენ გადაწყვიტეთ.

p.s. ფასილიტატორებს ჩემი მოკითხვა. ასევე ცნობად, დღეს, სამზე პროცესი მაქვს და ერთი საათით ადრე ბუკვალურად არ ჩერდება ჩემი ტელეფონი. ბოლო 10 წთ 50-მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება”, – წერს გვარამია.

გვარამიასთან დაკავშირება “ნეტგაზეთმაც” სცადა, თუმცა 14:12-დან 14:24 შუალედში განხორიელებული 8 ზარიდან ტელეფონის ნომერზე დაკავებაა.

“ნეტგაზეთი” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცეველის აპარტასაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ  ვიდეომასალას უნდა გაეცნონ.

თეა წულუკიანი დღეს, 2 თებერვალს პარლამენტში ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და ნიკა გვარამიას ნომერი გაასაჯაროვა.

“ბატონო ალეკო, თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ. მეც მინდა თქვენ ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ, ეს არის 5** ** ** **, იქნებ მოინიშნოთ და ხალხმაც რომ იცოდეს. ჩაინიშნეთ? 5** ** ** **, ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის, ეს ნიკა გვარამიას ნომერია. დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში”, – მიმართა წულუკიანმა ელისაშვილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი