ახალი ამბები

აუდიტი: მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით პოტენციურ ბენეფიციართა 9%-მა ისარგებლა

2 თებერვალი, 2021 • 913
აუდიტი: მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით პოტენციურ ბენეფიციართა 9%-მა ისარგებლა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პროგრამით ისარგებლა პოტენციურ ბენეფიციართა მხოლოდ 9 %-მა.

აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ პროგრამის ამოქმედებისას სამინისტროს მიერ განხორციელებული საკომუნიკაციო აქტივობები ნაკლებად იყო კონცენტრირებული სამიზნე ჯგუფების მოზიდვისკენ და არ იყო ეფექტიანი საშუალება ბენეფიციართა ინფორმირებულობისა და პროგრამაში ჩართვისთვის.

ამასთან, უწყების განცხადებით, შესასყიდი მედიკამენტების მოცულობის განსაზღვრისას არ იყო გათვალისწინებული ბენეფიციართა დაბალი მიმართვიანობა და შეძენილი მედიკამენტების რაოდენობა მაღალი იყო მის ხარჯვასთან შედარებით, რამაც გამოიწვია არაოპტიმალური მარაგების შექმნა და გაზარდა საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკი.

“2017 წლის ბოლოს სააგენტოს ნაშთად ერიცხებოდა ამავე წლის საჭიროებისთვის შესყიდული მედიკამენტების 80%, ღირებულებით − 2 235 354 ლარი. აღნიშნული გარემოების ძირითად მიზეზს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ 2017 წელი პროგრამის ამოქმედების პირველი წელი იყო და არსებობდა ბენეფიციართა მიმართვიანობასა და მედიკამენტების ხარჯვასთან დაკავშირებული მაღალი განუსაზღვრელობები.

2018 წლის დასაწყისში არ შეცვლილა პროგრამის დიზაინი, ბენეფიციარების რაოდენობა და პროგრამით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქტების დასახელება. მხოლოდ 2018 წლის აგვისტოდან პროგრამის მოსარგებლეებს დაემატნენ ახალი სოციალური ჯგუფები. რეალური საჭიროებების განსაზღვრაში ცდომილებებია 2018 წელს ახალი დასახელების ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვის შემთხვევებშიც. მედიკამენტების ძირითადი ნაწილი (96%) შესყიდულია წლის ბოლოს და მათი ხარჯვის მაჩვენებელიც დაბალია”, – აცხადებს აუდიტის სამსახური.

რიგ შემთხვევებში კი სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერებით გათვალისწინებული იყო საქონლის მიწოდების შემჭიდროებული ვადები მიუხედვად იმისა, რომ აუდიტის განცხადებით, მედიკამენტების ხარჯვისა და მიმდინარე მარაგების გათვალისწინებით, არ არსებობდა საქონლის შეზღუდულ ვადებში მიწოდების აუცილებლობა:

“აღნიშნული ძირითადად ეხება 2018 წელს, როცა გამოცხადებული ტენდერებიდან 68 (92%) შემთხვევაში, საქონლის პირველი ეტაპის მიწოდების ვადად განსაზღვრული იყო 5 სამუშაო დღიდან 12 კალენდარულ დღემდე პერიოდი, ხოლო 3 (4%) შემთხვევაში − ხელშეკრულების გაფორმებისთანავე. ტენდერების გამოცხადების მომენტისთვის სააგენტოს გააჩნდა კონკრეტული მედიკამენტების საკმარისი მარაგი, შესაბამისად, არ არსებობდა საქონლის შემჭიდროებულ ვადებში მიწოდების აუცილებლობა” ,- წერია ანგარიშში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მიწოდების არაგონივრული ვადები ზღუდავს პოტენციურ მიმწოდებელთა წრეს და ზრდის კონკურენციის შეზღუდვის რისკებს. ყოველივე აღნიშნული კი, აუდიტის განცხადებით, ქმნის მაღალი ფასის სატენდერო წინადადების გამარჯვების შესაძლებლობას, რაც ზრდის საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურად ხარჯვის რისკებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში საუბარია შეუთავსებელი მეტიკამენტების გაცემაზეც, რამდენადაც, ანგარიშის ავტორების თქმით, რიგ შემთხვევებში ბენეფიციარებზე მედიკამენტის გაცემისას ჩამოყალიბებულია არაეფექტიანი კონტროლის მექანიზმი. შედეგად, გაცემული მედიკამენტების კომბინაცია და დოზები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.

ამასთან, აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ რიგ შემთხვევებში სააგენტოში დანერგილმა კონტროლის მექანიზმმა ვერ უზრუნველყო მედიკამენტების ვადების ეფექტიანი კონტროლი და შედეგად, ბენეფიციარებმა მიიღეს მედიკამენტები, რომლებსაც მოხმარების პერიოდში გაუვიდათ ვარგისიანობის ვადა. აუდიტში აღნიშნავენ, რომ პროგრამის ფარგლებში შემუშავებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს ხარჯვის პროცესში მედიკამენტების ვარგისიანობის ვადის ეფექტიან კონტროლს.

შედეგად, აუდიტის განცხადებით, პირველ ჯერზე იხარჯება მედიკამენტები, რომელთაც აქვთ ვარგისიანობის ხანგრძლივი მოხმარების ვადები, ხოლო შემდეგ – მედიკამენტები, რომელთა დარჩენილი ვარგისიანობის ვადა მცირეა.

აუდიტი ასევე აცხადებს, რომ დანერგილი კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს უფლებამოსილებების გამიჯვნას, რის შედეგადაც, ერთი და იგივე პირები პასუხისმგებელნი არიან როგორც საქონლის მიღებაზე, ასევე, მათი არსებობის კონტროლზე. ამასთან, სააგენტოს მიერ არ ხორციელდება მედიკამენტების ნაშთების პერიოდული და სრული ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც შეუძლებელია მარაგების არსებობის თაობაზე გონივრული რწმუნების მიღება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აუდიტის სამსახური მოუწოდებს:

სოციალური მომსახურების სააგენტოს

მედიკამენტებზე რეალური მოთხოვნის მაღალი განუსაზღვრელობის პირობებში, საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველსაყოფად:

  • შესყიდული საქონლის მოცულობა განისაზღვროს წინა პერიოდში ფაქტობრივი ხარჯვის და სარეზერვო (ბუფერული) მარაგის შექმნის გათვალისწინებით;
  • შეიქმნას ისეთი სახელშეკრულებო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ფაქტობრივი მოთხოვნის შესაბამისი ოდენობის მიწოდებას და ანაზღაურებას;
  • წინასწარი ანგარიშსწორება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მიმართული იქნება სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობისათვის;
  • ჯანსაღი კონკურენტული გარემოს საფუძველზე საბიუჯეტო სახსრების ეკონომიური ხარჯვის მიზნით, სატენდერო პირობებით განისაზღვროს შესყიდვის საგნის მოცულობის პროპორციული და გონივრული მიწოდების ვადები;
  • მედიკამენტების გაცემის პროცესზე უწყვეტი და ეფექტიანი მონიტორინგის დანერგვით, უზრუნველყოფილ იქნეს ვარგისიანობის ვადების კონტროლი და დაავადებათა მართვის გაიდლაინებით და პროტოკოლებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა.

მედიკამენტების შესყიდვის, ლოგისტიკური მომსახურების და ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობის ამაღლების და საჭიროების შემთხვევაში ახალი კონტროლის მექანიზმების შემუშავებით და დანერგვით უზრუნველყოფილ იქნეს:

  • დარჩენილი ვარგისიანობის ვადების გათვალისწინებით მედიკამენტების ხარჯვის კონტროლი;
  • მედიკამენტების შესყიდვის და ხარჯვის პროცესში უფლებამოსილებების გამიჯვნა;
  • არსებობის, შენახვის პირობების და ვარგისიანობის კონტროლის მიზნით, გონივრული პერიოდულობით და სისრულით ინვენტარიზაციის განხორციელება;
  • ფარმაცევტული პროდუქციის შესყიდვისა და ლოგისტიკური მომსახურების პროცესში ინტერესთა კონფლიქტის არსებობის პირობებში თაღლითობის რისკების თავიდან აცილება, პრევენცია.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

  • შედეგების შეფასების მიზნით განსაზღვრულ იქნეს ისეთი ინდიკატორები, რომლებიც უზრუნველყოფს პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე მიღწეული შედეგების გაზომვას და პროგრამის ეფექტიანობის შეფასებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი