ახალი ამბები

პარლამენტი დღეს 51 დეპუტატისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს განიხილავს

2 თებერვალი, 2021 • 687
პარლამენტი დღეს 51 დეპუტატისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს განიხილავს

საქართველოს პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით ოპოზიციის 51 დეპუტატის განცხადებას განიხილავს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ოპოზიციამ, საერთო ჯამში, 60 მანდატი მოიპოვა. თავდაპირველად ყველა ბარიერგადალახულმა პარტიამ არჩევნების გაყალბებულად გამოაცხადა და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა, თუმცა მოგვიანებით საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო “პატრიოტთა ალიანსიდან” გამოსულმა 4-მა და პარტია “მოქალაქეების” 2-მა დეპუტატმა. საპარლამენტო საქმიანობაში ამ დრომდე არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებები არ დაუწერია “გირჩის” სამ წარმომადგენელს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილს.

“ქართული ოცნების” ლიდერი ირაკლი კობახიძე იყო პირველი, ვინც გასული წლის 20 ნოემბერს არ გამორიცხა, უმრავლესობამ მხარი არ დაუჭიროს ოპოზიციონერი პარლამენტარების მიერ მანდატების დატოვების მოთხოვნას. თუმცა შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” ამ საკითხზე პარტიულ თათბირზე იმსჯელა და განაცხადა, რომ “საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიცის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს” და პარლამენტს შესაბამის განცხადებას წარუდგენს.

პოლიტსაბჭოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიუხედავად, “ოცნებაში” დღეს ამბობენ, რომ ოპოზიციის დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა. ამ საკითხზე მსჯელობენ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, რომელიც “ქართული ოცნების” ოფისში პლენარული სხდომის დაწყებამდე იმართება.

“ორად არის გაყოფილი უმრავლესობაში აზრი — ნაწილი ემხრობა შეწყვეტას, ნაწილი გაგრძელების მომხრეა. პირადად ჩემი პოზიციაა, რომ კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეთ, განსაკუთრებით, იმ პატარა პარტიებს, რომ თავიანთი ამომრჩევლის ხმა გაახმოვანონ პარლამენტში”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.

კენჭისყრამდე ოპოზიციასა და უმრავლესობას მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციას მოუწოდა დაფიქრებისკენ, “ქართულ ოცნებას” კი-  ნაადრევი გადაწყვეტილების მიღებისგან თავშეკავებისკენ.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის განცხადება უმრავლესობას “გზაში წამოეწია” და ერთ-ერთ არგუმენტად იყო განხილული.

უმრავლესობას მოვუწოდებ, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება — ზურაბიშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი