ახალი ამბები

“პრეზიდენტის განცხადება გზაში წამოგვეწია, არგუმენტების ჭიდილი იყო” — მდინარაძე მანდატების გაუქმებაზე

1 თებერვალი, 2021 • 1543
“პრეზიდენტის განცხადება გზაში წამოგვეწია, არგუმენტების ჭიდილი იყო” — მდინარაძე მანდატების გაუქმებაზე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარტიის პოლიტსაბჭომ “გადაწყვეტილების პროექტი” მიიღო. ამის შესახებ მან “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, თუ რა პოზიცია აქვს პოლიტსაბჭოს, ამას მხოლოდ მას შემდეგ გაამხელენ, რაც უმრავლესობა მასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს. როგორც მდინარაძე ამბობს, მაქსიმალურად ეცდებიან, რომ საპალრამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება თავისუფალ კენჭისყრამდე არ მივიდეს.

“დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ წარვუდგინოთ პოლიტსაბჭოს მოსაზრება საპარლამენტო უმრავლესობას ანუ ფრაქცია “ქართულ ოცნებას”. მას შემდეგ გახმოვანდება ეს გადაწყვეტილება, რაც საპარლამენტო უმრავლესობა ან დაუჭერს მხარს გადაწყვეტილების პროექტს, ან საპირისპირო გადაწყვეტილებას მიიღებს. ყოველ შემთხვევაში პოლიტსაბჭოში უკვე არის მყარად ჩამოყალიბებული აზრი, თუმცა ჩვენ მის გახმოვანებას ერთადერთი მოტივით არ ვაპირებთ დღეს, რომ ამას სჭირდება საპარლამენტო უმრავლესობის თანხმობა. ხვალამდე, ვიდრე საპარლამენტო უმრავლესობა არ დაადასტურებს, ჯერჯერობით ამას გადაწყვეტილებას ვერ დავარქმევთ. თუმცა დღეს პოლიტსაბჭომ გარკვეული პოზიცია მყარად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა”, — განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, პოლიტსაბჭოში მრავალი არგუმენტი და ფაქტორი განიხილეს, მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებაც.

“სხვათა შორის, პრეზიდენტის განცხადება გზაში წამოგვეწია, შუა სხდომაზე გახდა ცნობილი. რა თქმა უნდა, იქ იყო ბევრი ფაქტორი, ანუ არგუმენტების ჭიდილი, როდესაც ერთი ან მეორე მიმართულებით, ანუ შეწყვეტის, ან არშეწყვეტის მიმართულებით, იყო ბევრი ფაქტორი გათვალისწინებული. ერთ-ერთ არგუმენტად ესეც განვიხილეთ, მათ შორის ევროკავშირის ელჩის განცხადებაც. საბოლოო ჯამში, ბევრი არგუმენტი იყო სასწორის ორივე პინაზე და ხვალ უკვე დეტალურად იქნება ცნობილი ამ მსჯელობის შესახებ”, — განაცხადა მდინარაძემ.

ხვალ პარლამენტში კენჭს უყრიან ოპოზიციური პარტიებიდან არჩეული 51 პარლამენტარის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების 55-მა წევრმა საპარლამენტო მანდატების გაუქმების შესახებ განცხადებები დაწერა. მანდატების გაუქმებაზე გაცნხადება არ დაუწერია “გირჩის” სამ წევრს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილს, ასევე, პარტია “მოქალაქეების” წევრებს.
პარლამენტმა ოთხ დეპუტატს “პატრიოტთა ალიანსიდან” უკვე შეუწყდა სადეპუტატო უფლებამოსილება და მათ ნაცვლად პარლამენტში პარტიის საარჩევნო სიის 4 წევრი შევიდა. 29 იანავრს კი ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში პარტია “მოქალაქეების” წევრები — ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანიც შევლენ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით კენჭისყრამდე ოპოზიციასა და უმრავლესობას მიმართავს.

ზურაბიშვილი ოპოზიციას დაფიქრებისკენ, “ქართულ ოცნებას” კი ნაადრევი გადაწყვეტილების მიღებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

უმრავლესობას მოვუწოდებ, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება — ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი