ნეტგაზეთი | კომენდანტის საათი, ალბათ, ყველაზე ბოლოს მოიხსნება — იმნაძე კომენდანტის საათი, ალბათ, ყველაზე ბოლოს მოიხსნება — იმნაძე – Netgazeti
RU | GE  

კომენდანტის საათი, ალბათ, ყველაზე ბოლოს მოიხსნება — იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პააატა იმნაძის თქმით, კომენდანტის საათი, ალბათ, ყველაზე ბოლოს მოიხსნება.

ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა. ჟურნალისტმა იმნაძეს ჰკითხა თუ ფიქრობენ კომენდანტის საათის მოხსნაზე.

“მე, მაგალითად, ძალიან მომენატრა ჩემი მეგობრების ნახვა, თქვენ არ მოგენატრათ?!წელიწადი გავიდა, ჩემს მეგობრებთან ერთად საღამოს არ ვყოფილვარ არსად. შორ მანძილზე ქეიფზე ვლაპარაკობ, თორემ ახლო მანძილზე მეზობლები ერთმანეთში გადადიან… მეზობლებში რომ გადახვალთ, ერთი კლასტერი ჩამოყალიბდება, ანუ გავრცელება გეოგრაფიულად ერთ პატარა არეალში და რომ დაჯდები და საღამოს 9 საათზე ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში წახვალ, მეგობართან, ნათესავთან ჩაუჯდები იქ და იქიდან  მერე წამოხვალთ და მერე ინფექცია გავრცელდება გაცილებით დიდ გეოგრაფიულ არეალში. ქართველები არა ვართ? არ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და არ ვიცით ჩვენი ცხოვრების წესი თუ რა უნდა ავხსნა?”, — განაცხადა იმნაძემ.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, როდის არის “ბოლო” ვადა კომენდანტის საათის მოხსნის, იმნაძე პასუხობს, რომ არ ჰგონია, შეზღუდვა აპრილშიც გაგრძელდეს.

“დავაკვირდებით სიტუაციას, არა მგონია, რომ „კომენდანტის საათი“ აპრილშიც გაგრძელდეს. ყველაფერი დამოკიდებულია, როგორი სიტუაცია იქნება”, — განაცხადა იმნაძემ.

დღეიდან საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. მათ შორის:

  • ბათუმში, ზუგდიდში, გორგში, ფოთსა და თელავში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა, გაიხსნება სკოლები, მაღაზიები და სავაჭრო ობიექტები,  ღია კაფეები ;
  • თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუშაობას განაახლეს  მაღაზიებმა და სავაჭრო ცენტრებმა, თუმცა, არა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა და სკოლებმა;
  • აჭარაში დაშვებულია კვების ობიექტების გარე სივრცეებში სტუმრების მიღება;
  • სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის, სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას გატანის ან მიტანის სერვისით იმ წესების დაცვით, რაც დღეისთვის  მოქმედებდა.

რა იხსნება 1 თებერვლიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი