ახალი ამბები

როცა შს მინისტრი ვიყავი, მე ვნიშნავდი დეპარტამენტის უფროსებს, დღეს – გომელაური — გახარია

1 თებერვალი, 2021 • 1009
როცა შს მინისტრი ვიყავი, მე ვნიშნავდი დეპარტამენტის უფროსებს, დღეს – გომელაური — გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  სამხარეო დეპარტამენტების უფროსების როტაცია მიღებული პრაქტიკაა.

ასე უპასუხა გახარიამ გავრცელებულ ინფორმაციაზე კითხვას, რომ შსს-ში მისი კადრების ჩამოშორება და  ვახტანგ გომელაურის პოზიციების გაძლიერება მიმდინარეობს. გახარიამ აღნიშნულ ინფორმაციას ჭორები უწოდა და აღნიშნა, რომ დღეს შს მინისტრი გომელაურია და მის მიერ დეპარტამენტის უფროსების დანიშვნა ნორმალური პროცესია.

“ყოველთვის მიჭირს ხოლმე ჭორების კომენტირება, თუმცა ამ შემთხვევაში გავაკეთებ. შინაგან საქმეთა მინისტრი მეც ვიყავი და საერთოდ, შსს-ში არის ძალიან სწორი პრაქტიკა სამხარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელების როტაციის. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, სწორი პრაქტიკა. ეს ადამიანები ჯერ კიდევ ჩემ დროს იყვნენ დანიშნული და ორ წელზე მეტია, ამ თანამდებობაზე მსახურობდნენ. ახლა ხდება მათი როტაცია, ეს არის ნორმალური. მაშინ მე ვნიშნავდი დეპარტამენტის უფროსებს, დღეს ბატონი გომელაური არის მინისტრი  და ეს არის ნორმალური. ასე ხდება ყველგან და ასე უნდა მოხდეს ჩვენთანაც”, — განაცხადა გახარიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებებია, კახეთსა და შიდა ქართლში სამხარეო პოლიციის უფროსებმა  — ზურაბ ბერიკაშვილმა და მერაბ ბერძენიშვილმა — თანამდებობები საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. ზურაბ ბერიკაშვილი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე კახაბერ მურადაშვილმა ჩაანაცვლა, რომელიც მანამდე გურიის სამხარეო პოლიციის უფროსი იყო. გურიაში კი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტიდან ლევან ხარაბაძე იქნა გადაყვანილი.

უწყებაში ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილებაა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შსს მინისტრი ვახტანგ გომელაური პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კადრების ჩანაცვლებას აპირებდა, მათ შორის, საკადრო ცვლილებები შეეხებოდა შს მინისტრის პირველ მოადგილე კახა საბანაძეს, თავდაპირველად “ფორმულამ” გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, საკადრო ცვლილებები შეეხება თბილისის საპატრულო პოლიციის უფროს ვაჟა სირაძეს და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროს ავთანდილ გალდავას, რომელიც ზუგდიდში, “საქართველოს ბანკში” თავდასხმის აყვანილი მძევლების გათავისუფლების ოპერაციაში მონაწილეობდა, თუმცა შსს-ში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი