ახალი ამბები

შსს: 3 თანამშრომელი გავათავისუფლეთ ინფორმაციის ოპოზიციონერისთვის გადაცემის გამო

30 იანვარი, 2021 • 1066
შსს: 3 თანამშრომელი გავათავისუფლეთ ინფორმაციის ოპოზიციონერისთვის გადაცემის გამო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქის შესახებ ინფორმაციის უკანონოდ მოძიების და გავრცელების გამო პოლიციის 3 თამანშრომელი დაითხოვა სამსახურიდან. ამის შესახებ ინფორმაციას თავად შსს ავრცელებს.

“დადგინდა, რომ აღნიშნული პირები, მოქალაქის შესახებ ინფორმაციის უკანონოდ მოძიების მიზნით, ერთმანეთს დაუკავშირდნენ, ხოლო ერთ-ერთი მათგანი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა „დიჯიპასის“ მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა და კონკრეტული მოქალაქის შესახებ ინფორმაცია მოიძია. პოლიციის თანამშრომელმა მოპოვებული პერსონალური ინფორმაცია ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს გადასცა. აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელდა”, – წერს შსს.

განცხადების მიხედვით, ზუგდიდის სამმართველოს ორი უბნის ინსპექტორი და ფოთის საქალაქო განყოფილების პატრულ-ინსპექტორი, სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი შემოწმების შედეგად, დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი