ახალი ამბები

კანცელარიასთან რესტორნების და ბიზნესის სხვა სფეროების აქცია მიმდინარეობს

30 იანვარი, 2021 • 1194
კანცელარიასთან რესტორნების და ბიზნესის სხვა სფეროების აქცია მიმდინარეობს

თბილისში, მთავრობის კანცელარიის შენობასთან რესტორნების და სხვა ბიზნესების წარმომადგენლები აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებაა.

საპროტესტო აქციის პარალელურად 198-მა რესტორანმა დღეს, 30 იანვარს ონააინ მიტანის სერვისი 24 საათით გააუქმა. როგორც “ნეტგაზეთს” რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ განუცხადა რესტორნების ნაადრევ გახსნაზე მათ მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები ყოველ დღე აქვთ, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც პროტესტის ასეთი ფორმით გამოხატვა გადაწყვიტეს.

აქციის ერთ-ერთი გამომსვლელის, ალექსანდრე გიორგაძის თქმით, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა “ქვეყნის გახსნა”, “კომენდანტის საათის” გაუქმება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა და ბიზნესებისთვის მუშაობის შესაძლებლობის მიცემაა.

“აქ საუბარია იმაზე, რომ არ შეგვიზღუდონ მთავარი უფლებები, შენ [მთავრობამ] გააკონტროლე, დააწესე რაღაც წესი, რომელსაც ყველა შეასრულებს, რესტორანი იქნება, სასტუმრო თუ მძროლი. თუ ვინმე დაარღვევს მერე იმას მოსთხოვეთ პასუხი. რატომ უწესებ ადამიანს შეზღუდვას, როდესაც პროცენტულად [კორონავირუსის] ძალიან დაბალი მაჩვენებელია. შენ მოგვიფიქრე რაღაც წესი და ჩვენ ამას შევასრულებთ. თუ არ შევასრულებთ მერე გვესაუბრე. იმ ხალხის გასაგონად, ვინც ამბობს, რომ დარჩით სახლშიო, თქვენ დარჩით სახლში და ჩვენ მუშაობა გვინდა იმიტომ, რომ ოჯახები გვყავს შესანახი და ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე, როგორც მოქალაქეები”, – განაცხადა გიორგაძემ.

რა შეზღუდვები იხსნება და რჩება თებერვალ-მარტში

მასალების გადაბეჭდვის წესი