ახალი ამბები

“არ მითქვამს, რომ პერსონალურად ჩემი დამსახურებაა” — ელისაშვილი კარტოგრაფების გათავისუფლებაზე

29 იანვარი, 2021 • 1014
“არ მითქვამს, რომ პერსონალურად ჩემი დამსახურებაა” — ელისაშვილი კარტოგრაფების გათავისუფლებაზე

“მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება “ქართულ ოცნებასთან” მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის დამსახურებაა და არა პერსონალურად მისი.

ელისაშვილის თქმით, ოპოზიციისა და მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობდა ისე წარმოეჩინა, რომ დაკავებულების გათავისუფლება მან თავად მიიწერა.

“ჩვენ გვინდოდა ასე მომხდარიყო და ჩვენ ველოდით გუშინდელ გათავისუფლებას. რაც შეეხება, ვისი დამსახურებაა? — მოლაპარაკების პროცესის. ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რომ ზოგიერთი, განსაკუთრებით ოპოზიციიდან, ცდილობდა გადაეკეთებინა ჩემი ნათქვამი და ზოგიერთი მედია ცდილობდა წარმოეჩინა ისე, რომ ელისაშვილმა მიიწერა ეს ყველაფერი. მე ვთქვი მოლაპარაკებების პროცესის [დამსახურებაა] და არ მითქვამს, რომ პერსონალურად ჩემი და ისეთი მძლეთამძლე ვარ, რომ სასამართლო გავარღვიეთ. არა, ეს იყო მოლაპარაკებების პროცესის დამსახურება და კარგი ნაბიჯი ნდობისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა საკითხებზეც შეგვიძლია წინ წავიწიოთ და სხვა საკითხებზე შევთანხმდეთ. ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს”, — განაცხადა ელისაშვილმა.

28 იანვარს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „კარტოგრაფების საქმეზე“ დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლას „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებებს დაუკავშირა და განაცხადა, რომ ეს არის ნაბიჯი მოლაპარაკებების გაგრძელებისა და მხარეებს შორის ნდობის აღდგენისკენ.

იმავე საღამოს „მთავარი არხის“ ეთერში ივერი მელაშვილმა განაცხადა: „იმის გამო, რომ ვინმემ დამსახურება მიიწეროს, მე რაკი დავაყენე ეს საკითხი, აი, ამიტომ ახლა შევალ პარლამენტში, რაკი ჩემი ეს დააკმაყოფილა მთავრობამო, ვფიქრობ, არასწორია“.

მელშვილი ამბობს, რომ არ სურს, „ვინმეს ვაჭრობის საგანი“ იყოს: „დამოკიდებულება, „ივერი მელაშვილს თუ გამოუშვებენ, მე შევალ პარლამენტშიო“, არა მგონია, მართალი იყოს. გამართლება არ აქვს ამისთანა დამოკიდებულებას“, – განაცხადა მან.

ელისაშვილი კარტოგრაფების გათავისუფლებაზე: ეს არის მოლაპარაკების შედეგი

მასალების გადაბეჭდვის წესი