ახალი ამბები

ელისაშვილი და იოსელიანი “ქართულ ოცნებასთან” შესახვედრად პარლამენტში ისევ მივიდნენ

29 იანვარი, 2021 • 720
ელისაშვილი და იოსელიანი “ქართულ ოცნებასთან” შესახვედრად პარლამენტში ისევ მივიდნენ

პარტია “მოქალაქეების” ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, “ქართულ ოცნებასთან” შესახვედრად პარლამენტში ისევ მივიდნენ.

როგორც ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,  გუშინ “ქართული ოცნებიდან” დაუკავშირდნენ და კიდევ ერთხელ შეხვედრა სთხოვეს. მისი თქმით, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გამოშვებამ, რომელსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მიიჩნევდა, საბოლოო შეთანხმების მიღწევას “კარგი ფონი” შეუქმნა და “ოცნების” მიმართ ნდობა “გააღრმავა”.

“მოვედით მე და ლევანი ისევ, ვინაიდან გუშინაც იყო კომუნიკაცია ჩვენთან, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გავმართოთ. საბოლოო შეთანხმებამდე შეიძლება მივიდეთ, შეიძლება ვერ მივიდეთ. რა თქმა უნდა, გუშინდელმა ფაქტმა ძალიან კარგი ფონი შეუქმნა ამ ყველაფერს, გააღრმავა ნდობა ჩვენსა და “ქართულ ოცნებას” შორის იმიტომ, რომ ჩვენ გვინდოდა ასე მომხდარიყო და ჩვენ ველოდით გუშინდელ გათავისუფლებას”, — განაცხადა ელისაშვილმა.

როგორც “მოქალაქეების” ლიდერები აცხადებენ, მათთვის პრიორიტეტული საარჩევნო კანონმდებლობასა და ადმინისტრაციასთან დაკავშირებული საკითხებია.

“ჩვენ არავის არაფერზე არ ვევაჭრებით. ჩვენ გვაქვს ნათქვამი, რომ პოლიტპატიმრების საკითხი იყო და არის ერთჯერადი საკითხი.  რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობას, საარჩევნო წესებს, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, ეს არის საკითხი, რომელიც საქართველომ 30 წელია ვერ მოაგვარა და ახლა ამ კაბინეტში არის შანსი, რომ ამ საშვილიშვილო შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ”, — განაცხადა ელისაშვილმა.

ეს არის “მოქალაქეების” პარლამენტში “ქართული ოცნებასთან” მოსალაპარაკებლად მისვლის მეორე შემთხვევა. მანამდე ისინი მმართველ გუნდთან შესახვედრად პარლამენტში 22 იანვარს იმყოფებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი