ახალი ამბები

ელისაშვილი და იოსელიანი “ქართულ ოცნებასთან” შესახვედრად პარლამენტში მივიდნენ

22 იანვარი, 2021 • 1139
ელისაშვილი და იოსელიანი “ქართულ ოცნებასთან” შესახვედრად პარლამენტში მივიდნენ

პარტია “მოქალაქეების” ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, “ქართულ ოცნებასთან” შესახვედრად პარლამენტში მივიდნენ.

როგორც ლევან იოსელიანმა განაცხადა, შეხვედრის მიზანი მმართველი გუნდის პოზიციების მოსმენა და იმის გაგებაა, რას აპირებენ ოპოზიციის მიერ დაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც ახალ არჩევნებს, საარჩევნო ცვლილებებსა და იმ ადამიანების გათავისუფლებას ეხება, რომელთაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მიიჩნევს.

“ჩვენ გუშინვე ვთქვით, რომ მოლაპარაკებების ინდივიდუალურად გაგრძელებას ვაპირებთ. გავაგრძელოთ იმ ოთხ პუნქტზე, რომელიც არის მაგიდაზე და მოვისმინოთ მათი პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ ჩიხში არის შესული მეხუთე რაუნდი და ამიტომ, ჩვენ თვითონ ვაპირებთ ამ ყველაფრის გაგრძელებას და გარკვევას, რა პოზიცია აქვს “ქართულ ოცნებას” შეთანხმებასთან დაკავშირებით”, —განაცხადა იოსელიანმა “ტვ პირველთან”.

“მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ “ოპოზიციაში მოწყობილ ცირკზე ლაპარაკი დაასრულა”.  როგორც ელისაშვილი Facebook-ზე წერდა, მმართველ პარტიასთან პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე აპირებს საუბარს და იმის გაგებას, არის თუ არა მზად ელჩების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებებისას შეთანხმებული პირობების შესრულებაზე.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა გასულ კვირას ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური შეხვედრები დაიწყეს. ისინი უკვე შეხვდნენ “გირჩის” წევრებს. მათ განიხილეს იდეა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გამოიყენონ, როგორ პლებისციტი, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ ჯამურად ოპოზიცია თვითმართველობის არჩევნებს მოიგებს და “ქართულ ოცნებას” დაამარცხებს, ახალი საპარლამენტო არჩევნები სწორედ იმ შემთხვევაში უნდა დაინიშნოს.

როგორც “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახო მეგრელიშვილმა განაცხადა, ის “90%-ით დარწმუნებული” იყო, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი „გირჩის“ წინადადებას მიიღებდა, თუმცა ვაშაძემ ელისაშვილსა და “გირჩს” ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე უარი უთხრა.

აღნიშნული იდეა მიუღებელი აღმოჩნდა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც.

ოპოზიციასთან მოლაპარაკება დავასრულეთ, მზად ვართ საჯაროდ შევხვდეთ “ოცნებას” – ელისაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი