ახალი ამბები

მარეგულირებელმა „იმედის“ გაყიდვას მწვანე შუქი აუნთო – ვინ არის მყიდველი?

28 იანვარი, 2021 • 1315
მარეგულირებელმა „იმედის“ გაყიდვას მწვანე შუქი აუნთო – ვინ არის მყიდველი?

ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე ყიდის კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“, რომელიც ტვ „იმედს“, GDS-სა და რადიო „იმედს“ ფლობს.

გადაწყვეტილების შესახებ 28 იანვარს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი. მაუწყებლის გაყიდვამდე მფლობელი ვალდებულია, გარიდების შესახებ მარეგულირებელს შეატყობინოს.

GNCC-მ განიხილა საკითხი და კომპანიის გაყიდვაზე თანხმობა განაცხადა იმ დასაბუთებით, რომ წილის მფლობელის ცვლილება საბაზრო წილსა და სხვა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე გავლენას ვერ მოახდენდა.

გუდავაძე, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქეა, „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 100%-იან წილს ფლობდა. ცვლილება ჯერ არ ასახულა სამეწარმეო რეესტრში.

როგორც GNCC-ის პრესცენტრიდან მისწერეს „ნეტგაზეთს“, კომპანიის ყიდვას აპირებდა კომპანია Media Finance Group B.V.

„შეძენის შემთხვევაში, შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. შესაბამისად, ჯერჯერობით წილებს ისევ ინა გუდავაძე ფლობს“, – ამბობენ GNCC-ში. იგივეს ასახავს სამეწარმეო რეესტრში მითითებული ინფორმაცია.

„ნეტგაზეთს“ ჯერ არ მიუღია GNCC-სგან პასუხი კითხვაზე, თუ ვინ არის Media Finance Group B.V.-ის საბოლოო ბენეფიციარი, ანუ რეალური მფლობელი.

ტელეკომპანია „ფორმულა“ 2021 წლის იანვარში წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ იგეგმებოდა „იმედის“ მენეჯმენტის დაკომპლექტება ირაკლი რუხაძის გუნდით.

ირაკლი რუხაძე ბიზნესმენია, ის ბადრი პატარკაციშვილის ახლო წრეში მოიაზრებოდა. ამჟამად  არის „ლიბერთი ბანკის“ და „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

მის მიერ არხის შეძენის შესახებ ინფორმაცია 2018 წელსაც გავრცელდა, თუმცა ეს უარყო.

2021 წლის 28 იანვარს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნრიორმა“ დაწერა, რომ რუხაძემ მათთან საუბარში დაადასტურა, — მან და მისმა პარტნიორებმა „იმედი“ ორი წლის წინ იყიდეს და „უბრალოდ, გადაფორმება გაჭიანურდა“.

ყიდულობს თუ არა ირაკლი რუხაძე “იმედს”

მასალების გადაბეჭდვის წესი