ახალი ამბები

წინასწარი პატიმრობა ინფორმაციის მიღების ინსტრუმენტია – წულუკიანი მელაშვილსა და ილიჩოვაზე

28 იანვარი, 2021 • 777
წინასწარი პატიმრობა ინფორმაციის მიღების ინსტრუმენტია – წულუკიანი მელაშვილსა და ილიჩოვაზე

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმდჯომარე თეა წულუკიანი გამოეხმაურა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას, რომლითაც სასამართლოს პროკურატურა მიმართავს.

წულუკიანის თქმით, წინასწარი პატიმრობა გამოძიებისათვის ბრალდებულისგან მაქსიმალური ინფორმაციის მისაღები ინსტრუმენტია. მისი თქმით, თუ მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მელაშვილი და ილიჩოვა პატიმრობაში დარჩნენ, ეს გამოძიების მიზნების გამო მოხდება.

“სინამდვილეში, წინასწარი პატიმრობა არის ინსტრუმენტი გამოძიებისათვის, რომ მოცემული პირები, ვინც წინასწარ პატიმრობაში არიან, ბრალდებული ვისაც ჰქვია, მათგან გამოძიებამ მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია იმისთვის, რომ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება. შესაბამისად, თუ დღეს აღმოჩნდა, რომ ერთი მხრივ, ბრალდების და დაცვის პოზიციები ერთმანეთს დაემთხვევა ან არ დაემთხვევა და მოსამართლე გადაწყვეტს, რომ წინასწარი პატიმრობა დატოვოს ძალაში ან არ დატოვოს და გირაოთი ჩაანაცვლოს, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გადაწყვეტილებას მოსამართლე იღებს მხოლოდ ერთი კრიტერიუმით — საჭიროა თუ არა კვლავ ამ ადამიანების წინასწარ პატიმრობაში ყოფნა გამოძიების მიზნებისათვის. “ქართული ოცნება” იყო, არის და მომავალშიც იქნება მკაცრი ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედების მიმართ”, — განაცხადა წულუკიანმა.

დღეს, სასამართლო სხდომის განხილვისას, პროკურატურამ წარმოადგინა შუამდგომლობა  ილიჩოვასა და მელაშვილისთვის პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდეებასთან დაკავშირებით 30-30 ათასი ლარის ოდენობით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა) პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ. დანაშაული ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობით ისჯება. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები კი მიუთითებენ, რომ ილიჩოვა და მელაშვილი პოლიტპატიმრები არიან და მათ გათავისუფლებას ითხოვენ, მათ შორის ელჩების შუამავლობით ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე.

მელაშვილისა და ილიჩოვასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოვითხოვთ — პროკურორი

მასალების გადაბეჭდვის წესი