ახალი ამბები

NGO-ები: ნარკოტიკული საშუალებების დოზირების კანონპროექტი ფრაგმენტული და გაუმართავია

28 იანვარი, 2021 • 1097
NGO-ები: ნარკოტიკული საშუალებების დოზირების კანონპროექტი ფრაგმენტული და გაუმართავია

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი განცხადებას ავრცელებს და ფრაგმენტულად და შინაარსობრივად გაუმართავად აფასებს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც 8 ნარკოტიკული ნივთიერების დოზირებას ეხება. მათი აზრით, დოკუმენტი ვერ პასუხობს ნარკოპოლიტიკით დაზარალებული ადამიანების საჭიროებებს.

კანონპროექტი ახლებურად განსაზღვრავს 8 ნარკოტიკული საშუალების მცირე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საწყის, დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობებს.

განცხადების ავტორების თქმით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ამ ნივთიერებათაგან 7 მათგანს (ამფეტამინი, დეზომორფინი, ლიზერგინის მჟავა, მდმა, მეთადონი, მეთკანინონი, მეტამფეტამინი), მოქმედი კანონმდებლობით, არ გააჩნია მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საწყისი ოდენობები – ჰერიონის შემთხვევაში კი, ახლებურად ყალიბდება მოქმედი კანონით განსაზღვრული დოზების მოცულობები.

ორგანიზაციებში აღნიშნავენ, რომ ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების განუსაზღვრელობა (ან არაადეკვატურად მცირე ოდენობების დადგენა) დღემდე რჩება ნარკოპოლიტიკის არაჰუმანურობის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ და აცხადებენ, რომ ამგვარი ნორმატიული ბაზის პირობებში, მოხმარებისთვის უვარგისი ან პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობაც კი იწვევს მკაცრი სასჯელების შეფარდებას:

“წლების განმავლობაში, პარლამენტის მიერ ამ პრობლემის უგულებელყოფის პირობებში, ერთადერთ გამოსავალს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა წარმოადგენდა, რომელმაც არაერთი გადაწყვეტილება მიიღო ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების სამართლიანად განსაზღვრის საჭიროების თაობაზე”, –  აცხადებენ ხელმომწერები.

NGO-ების თქმით, ინიცირებული კანონპროექტი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ვალდებულებასთან ერთად, პარლამენტის მიერ ამ პრობლემის ერთგვარ აღიარებას წარმოადგენს. თუმცა აღნიშნავენ, რომ ამის მიუხედავად, შემოთავაზებული ინიციატივა ვერ პასუხობს მოქმედი ნარკოპოლიტიკით დაზარალებული ადამიანების რეალურ საჭიროებებს, არის ფრაგმენტული ხასიათის და შინაარსობრივად პრობლემურია შემდეგი მიზეზების გამო:

კერძოდ, მათი განცხადებით, კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მოქმედი კანონისგან განსხვავებულად მოწესრიგდება ოდენობები იმ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომლებიც პრაქტიკაში გამოირჩევა გავრცელებისა და მოხმარების დიდი სიხშირით:

“მაშინ, როდესაც ქვეყანაში დღემდე გამოწვევად რჩება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების ერთიანად დამუშავება და ამ ინფორმაციის შესაბამისად ნარკოპოლიტიკის დაგეგმვა, გაუგებარია, თუ რა წყაროებსა და კვლევებს ეყრდნობა საკანონმდებლო ინიციატორთა მიდგომა და რა არგუმენტით არ არის ამ ჩამონათვალში სხვა ნარკოტიკული ნივთიერებები, რომელთა მოხმარება ქვეყანაში ასევე მაღალია (მაგალითად, ბუპრენორფინი და კოკაინი)”, – აცხადებენ განცხადების ხელმომწერები.

ორგანიზაციების შეფასებით, განსაკუთრებით პრობლემურია ხსენებული რვა ნარკოტიკული ნივთიერების ახლებურად განსაზღვრული ოდენობები.

კერძოდ, კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ოდენობების განსაზღვრისას ყურადღება გამახვილდა  სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საზიანო შედეგებზე და ოდენობის საზომად აღებულ იქნა ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლის მიერ მოხმარებულ ერთ დოზაზე მეტი ოდენობა, რომლის დათვლა თითოეული ნივთიერების შემთხვევაში სუფთა სუბსტანციის სახით მოხდა.

NGO-ების თქმით, განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ოდენობათა დაანგარიშების მეთოდი დაეყრდნო ერთობლივად სამეცნიერო ლიტერატურას და ლაბორატორიული ექსპერტიზის პრაქტიკას იმის თაობაზე, თუ როგორი სუბსტანციის ფორმით ხდება ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალების არალეგალური ფორმით ბრუნვიდან ამოღება და ოდენობის გამოთვლა:

“მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს საერთაშორისო სტანდარტი ნარკოტიკული თუ ფსიქოტროპული ნივთიერებების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე და ყველა ქვეყანა მას საკუთარი შეხედულებისამებრ ადგენს, ცვლილებამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსი ბრუნვიდან ამოღებულ ნივთიერებათა გავრცელების კონტროლსა და მომხმარებლის უფლებებს შორის.

ამ თვალსაზრისით, ბუნდოვანია, თუ რა პრინციპით განისაზღვრა დასახელებულ ნივთიერებათა მომხმარებლის ერთჯერადი დოზები და ახლებურად ჩამოყალიბებული ოდენობები ვერ იქნება მიჩნეული მოხმარებასთან დაკავშირებული ეფექტის გამომწვევ ოდენობად. მაგალითად, კანონპროექტში ნივთიერება მდმა-ს შემთხვევაში განსაზღვრულია ოდენობა 50 მილიგრამი. ამავდროულად, ევროპის ნარკოტიკების და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) ანგარიშის მიხედვით, ევროპაში მდმა-ს აბში სუფთა ნივთიერების შემცველობა საშუალოდ 125 მილიგრამს შეადგენს” ,- ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციებისთვის გაუგებარია, თუ რატომ ხდება ერთჯერადი დოზის ოდენობის გამოთვლა ეპიზოდური მომხმარებლის მაგალითზე და არა რეგულარული მომხმარებლის დღიური დოზის ოდენობის გათვალისწინებით.

მაგალითად, მათი განცხადებით, ნივთიერება ჰეროინის შემთხვევაში, რეგულარული და დამოკიდებული მომხმარებლის ერთჯერადი დოზა ხშირ შემთხვევაში შეადგენს 50-100 მილიგრამს, ანუ, კანონპროექტში განსაზღვრულ ოდენობაზე 10-20-ჯერ მეტს.

შესაბამისად, განცხადების ავტორების თქმით, როგორც შედეგი, ჰეროინის შემოთავაზებული ოდენობის (5 მილიგრამი) დამტკიცების პირობებში შესაძლოა მხოლოდ ერთეული დამწყები/ექსპერიმენტატორი მომხმარებლები აღარ მოექცნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ და ამ ნივთიერების მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი კვლავ დარჩება სისხლის სამართლის დევნის სუბიექტად:

“აღსანიშნავია, რომ ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილების მიზნით მომზადებული კანონპროექტი, ამ საკითხის მოწესრიგებისას, ეპიზოდური მოხმარებისთვის საკმარისი ერთჯერადი ოდენობის ნაცვლად, ითვალისწინებდა რეგულარული მომხმარებლის დღიურ სამყოფ დოზას, რაც იცავდა მომხმარებელს ისეთივე სიმკაცრით დასჯისგან, როგორც ეს გასაღების მიზნის შემთხევაში ხდება”, – აცხადებენ ხელმომწერები.

განცხადების ავტორთა თქმით, კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ნაწილის ოდენობების განსაზღვრით დაიხვეწება ბრუნვიდან ამოღებულ ნივთიერებათა ნუსხა და შესრულდება ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკის რეფორმირების თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის რეკომენდაციები. ორგანიზაციებში აღნიშნავენ, რომ ეს უკანასკნელი საქართველოს მიუთითებს როგორც უმცირესი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობისა და მოხმარების დასჯადობის პრობლემურობაზე, ასევე, ზოგადად, ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიდგომებზე დამყარებული ნარკოპოლიტიკის აუცილებლობაზე.

ამდენად, NGO-ებში მიიჩნევენ, რომ არსებული მკაცრი და დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის ფონზე, შემოთავაზებული კანონპროექტი ვერ გვთავაზობს პრინციპულად ახლებურ ხედვებს და კონკრეტული ნივთიერებების მიმართაც ვერ განსაზღვრავს ადეკვატურ ოდენობებს.

ზემოთთქმულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს:

  • სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ახლებურად განსაზღვრის პროცესში უზრუნველყოფილი იყოს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის წარმომადგენლების ჩართულობა და მათი მოსაზრებების ირგვლივ პროფესიული დისკუსია;
  • გააფართოოს იმ ნარკოტიკულ საშუალებათა ჩამონათვალი, რომელთა ოდენობებიც ახლებურად მოწესრიგდება და ამ პროცესში იხელმძღვანელოს სამეცნიერო ლიტერატურასა და პრაქტიკაში მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის ნათელი და განჭვრეტადი მიდგომებით;
  • ოდენობების განსაზღვრის პარალელურად, დაიწყოს მუშაობა ნარკოპოლიტიკის სისტემურ რეფორმაზე, რომლის მიზანიც იქნება პრევენციაზე, ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავება/დანერგვა.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • ალტერნატივა ჯორჯია
  • ნარკოტიკის მომხმარებელთა ევრაზიის ქსელი (ENPUD)
  • მსოფლიო ექიმები – საფრანგეთი;

მასალების გადაბეჭდვის წესი