ახალი ამბები

მერიამ მზიურის მიმდებარედ 2 110 კვ.მ მიწა აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა

27 იანვარი, 2021 • 1230
მერიამ მზიურის მიმდებარედ 2 110 კვ.მ მიწა აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა

დედაქალაქის მერიამ თბილისში, მზიურის პარკის მიმდებარედ 2 110 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი აუქციონზე გამოიტანა. გასაყიდი ნაკვეთი ჭავჭავაძის I ჩიხის მიმდებარედაა და საწყისი ღირებულება 2 119 495 ლარს შეადგენს.

ტერიტორიას რეკრეაციული ზონა 2-ის სტატუსი აქვს, რაც ნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთზე გარკვეული ტიპის ნაგებობის განთავსებაა დასაშვები. აუქციონის პირობების მიხედვით, მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარება უნდა განხორციელდეს სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე. აღნიშნულით კი დასაშვებია სამაყურებლო ობიექტის, სპორტულ-ფიზკულტურული ნაგებობების, სათამაშო ავტომატების დარბაზის, საბილიარდოს, კაზინოს, ზოოპარკის, კაფე-რესტორნების, სასკოლო და სკოლამდელი ასაკის საბავშვო სპეციალიზირებული დაწესებულებების, საკულტო შენობება-ნაგებობების, ღია მიწისქვესა ავტოსადგომებისა და სამეურნეო ობიექტების მშენებლობა (ვრცლად, რისი მშენებლობაა დასაშვები რეკრეაციული ზონა 2-ის სტატუსი მქონე ტერიტორიებზე, გაეცანით ბმულზე).

დედაქლააქის მერს რეკრეაციული ზონის სტატუსის მქონე ნაკვთის აუქციონზე გამოტანის გამო აკრიტიკებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი. პოლიტიკოსი “მთავარ არხთან” ამბობს, რომ მერია წინასწარაა შეთანხმებული კონკრეტულ ადამიანთან, რომელსაც აღნიშნულ მიწაზე პრეტენზია ჰქონდა:

“ვაკეში 2 000 კვ.მ რეკრეაციული ზონა გამოიტანა აუქციონზე ისე, რომ წინასწარ უკვე კონკრეტულ კომპანიასთნ შეთანხმებულია, სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას გაგიფორმებ და მშენებლობის ნებართვას მოგცემო” ,- ამბობს ხაბეიშვილი “მთავარ არხთან”.

მოგვიანებით ბრალდებებს უპასუხა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძის თქმით “მზიურის” მიმდებარე ტერიტორიას ზონალური სტატუსი არ შეცვლია, არც შეიცვლება და არც შეუსაბამო პროექტის განხორციელება იგეგმება.

მისი თქმით, რეკრეაციულ ზონაში შესაძლებელია გარკვეული პროექტების განხორციელება, რომელიც ამ ზონას შეესაბამება, და სიცრუეს უწოდებს ინფორმაიცას, რომ ზონისთვის სტატუსის შეცვლა მომავალში იგეგმება:

“ზონალური სტატუსი არაფერზე შეცვლილა. რაც იყო რეკრეაციული სივრცე, დღესაც რეკრეაციული ზონაა. პრობლემა, რაც იყო წინა ხელისუფლების პერიოდში, არის ის, რომ „მზიურის“ დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, გასხვისდა და იქ გახორციელდა მშენებლობები. რეაბილიტაცია, რომელიც ჩვენ გასულ წელს დავამთავრეთ, განხორციელდა მხოლოდ იმ დარჩენილ მონაკვეთზე, რომელიც გადაურჩა წინა ხელისუფლებას.

რაც შეეხება კონკრეტულ მიწის ნაკვეთს, რეკრეაციულ ზონაში არის შესაძლებელი გარკვეული პროექტების განხორციელება, რომელიც ამ ზონას შეესაბამება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს კაფე, ბარი, საგამოფენო სივრცე, მაგრამ აქ საუბარი არ არის ზონის ცვლილებაზე და ისეთი პროექტის განხორციელებაზე, რომელიც შეუსაბამოა ზონასთან”, – აცხადებს დედაქალაქის მერი.

მერის განცხადებით, აღნიშნულ ნაკვეთზე მოქალაქე ითხოვდა სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას და გამონაკლისის სახით საგამოფენო სივრცის მოწყობას, რაზეც თბილისის მერიამ გასცა ინფორმაციული პასუხი იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, შესაძლებელია აღნიშნული სივრცის განვითარება საგამოფენო დარბაზის ფუნქციით.

მასალების გადაბეჭდვის წესი