აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ჯოზეფ ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა განიხილეს ორივე ქვეყნის მზაობა, 5 წლით გააგრძელონ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ New START-ის ხელშეკრულების მოქმედება, რომელსაც ვადა 5 თებერვალს ეწურება.
“პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელახლა დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისადმი. ასევე, დააყენა სხვა შემაშფოთებელი საკითხები, მათ შორის SolarWinds-ზე კიბერშეტევა, ცნობების იმის შესახებ, რომ რუსეთი ავღანელ მებრძოლებს ამერიკელი სამხედროების ლიკვიდაციისთვის გასამრჯელოს სთვაზობდა, ჩარევა აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში, ალექსეი ნავალნის მოწამვლა. პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათელი გახადა, რომ აშშ მტკიცედ იმოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენ ან ჩვენს მოკავშირების აზიანებს”, – ნათქვამია თეთრი სახლის პრესრელიზში.
კრემლის ინფორმაციით კი, ვლადიმერ პუტინმა ბაიდენს პრეზიდენტობა მიულოცა. აღნიშნა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის ნორმალიზება ორივე ქვეყნის ინტერესში იქნებოდა.
“განხილულ იქნა თანამშრომლობის შესაძლებლობა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში, ასევე, სხვა სფეროებში, სავაჭრო-ეკონომიკურის ჩათვლით. საერთშორისო საკითხებს შორის საუბარი შეეხო აშშ-ის ცალმხრივად გასვლას ღია ცის ხელშეკრულებიდან, ირანის ბირთვული პროგრამასთნ დაკავშირებით ყოვლისმომცველი ერთობლივი გეგმის პრობლემას, შიდაუკრაინულ დარეგულირებას, ასევე, რუსეთის ინიციატივას გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრების სამიტის ჩატარების შესახებ. საბოლოო ჯამში, საუბარი საქმიან და გულწრფელ ხასიათს ატარებდა”, – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.