ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს ქართველთა დისკრიმინაციის ფაქტები გააცნეს

26 იანვარი, 2021 • 1439
ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს ქართველთა დისკრიმინაციის ფაქტები გააცნეს

დღეს, 26 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ტოივო კლაართან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე, მათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებაც.

“მინისტრის მოადგილემ სპეციალურ წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ბოლოდროინდელ პროვოკაციებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე და სამედიცინო ევაკუაციის შეფერხებაზე, რასაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ახალგორის რაიონში, ისევე, როგორც ქართველთა ეთნიკურ დისკრიმინაციაზე”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

“მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლად გათავისუფლების, ასევე, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის ფედერაციის მიერ გააქტიურებულ ანექსიურ პროცესებზე”, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს გალში და ერგნეთში ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენისა და შეუფერხებლად გამართვის აუცილებლობის შესახებ.

დარსალიამ ხაზი გაუსვა ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს მიერ მიღებულ უკანასკნელ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო და ადამიანის უფლებები 2008 წლის აგვისტოში.

ფოტო გარეკანზე: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო


განსხვავებით დე ფაქტო აფხაზეთისა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთიდან კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს არ ეძლევათ საშუალება, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიიღონ სამედიცინო დახმარება. ადგილობრივი ახალგორელი მოსახლეობის ცნობით, ახალგორისა და ცხინვალის საავადმყოფოებში ვერ კმაყოფილდება ძირითადი სამედიცინო პირობები. ასევე, დე ფაქტო მთავრობას დაგვიანებით გადაჰყავს პაციენტები საავადმყოფოებში, რის გამოც ზოგი მათგანი იღუპება.

ყველაზე ცნობილი შემთხვევა, როდესაც დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობას ახალგორელი მოქალაქე შეეწირა, გახლდათ ახალგორის საავადმყოფოს ქირურგის, 68 წლის ონისე გათენაშვილის კორონავირუსით დაღუპვა, რომელიც მე-16 მსხვერპლი იყო ახალგორის რაიონში, მას შემდეგ, რაც დე ფაქტო მთავრობამ მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის საჭიროებებისთვის თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა აკრძალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი