ახალი ამბები

ECHR-ის გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს ჰააგის დასკვნაზე ტყვეების ნაწილში – ომბუდსმენი

26 იანვარი, 2021 • 1131
ECHR-ის გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს ჰააგის დასკვნაზე ტყვეების ნაწილში – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სამართლებრივი და ისტორიული კუთხით საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობისაა და რუსეთს სამართლებრივად ავალდებულებს, დევნილების დაბრუნება უზრუნველყოს.

“ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა ეფექტიან კონტროლს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და ასევე, ბუფერულ ტერიტორიებზე 2008 წლის 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში. აღნიშნული პერიოდის შემდგომ, რუსეთის ძლიერი წარმომადგენლობა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიაზე და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებების რუსეთის ფედერაციაზე დამოკიდებულება/დაქვემდებარება ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს „ეფექტიან კონტროლს“ აღნიშნულ ტერიტორიებზე. ამავდროულად, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რუსეთის ფედერაციას სამართლებრივი ვალდებულება აქვს უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნება საკუთარ სახლებში”, – ნათქვამია ომბუდსმენის განმარტებებში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე.

ამასთან, სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურატურის ოფისი 2016 წლიდან იძიებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ სავარაუდო ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს.

“მიგვაჩნია, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ზეგავლენას იქონიებს აღნიშნულ პროცესზე, განსაკუთრებით კი, ქართველი სამხედრო ტყვეების წამების ნაწილში. ევროპულმა სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ქართველ სამხედრო ტყვეთა წამებას და აღნიშნულზე პასუხისმგებელ სახელმწიფოდ რუსეთის ფედერაცია ცნო. ქართველ სამხედრო ტყვეთა წამების გამო დამნაშავე მაღალი თანამდებობის პირთა გამოვლენა და მათთვის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დაკისრება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოიტანა გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის დავაზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)”. საქართველომ  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა საჩივარი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მოქალაქეების მიმართ დაარღვია:

    • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება),
    • მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა)
    • მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება),
    • მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება),
    • მე-13 მუხლი (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება),
    • კონვენციის N1 დამატებითი ოქმის 1-ლი (საკუთრების დაცვა) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლები
    • კონვენციის N4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება).

ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელ სახელმწიფოდ ცნო საქართველოს მოქალაქეებისათვის ზემოაღნიშნული ყველა მუხლით გარანტირებული უფლებების დარღვევაში, გარდა კონვენციის N1 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით დაცული განათლების უფლებისა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია კონვენციის მე -13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) განხილვა.

?საქართველოს სახალხო დამცველის განმარტებები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – საქართველო რუსეთის…

Posted by Ombudsman on Tuesday, 26 January 2021

მასალების გადაბეჭდვის წესი