ახალი ამბები

მელიამ დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა, მომეჩვენა, რომ დამემუქრა კიდეც – ხვიჩია

25 იანვარი, 2021 • 826
მელიამ დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა, მომეჩვენა, რომ დამემუქრა კიდეც – ხვიჩია

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ სატელეფონო საუბრისას “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, სავარაუდოდ, მას დაემუქრა. ამის შესახებ ხვიჩიამ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა. მისივე თქმით, მასაც სურს გაარკვიოს, ენმ-ის თავმჯდომარე მართლაც ემუქრებოდა თუ არა:

“ნიკა მელიამ დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა, სამწუხაროდ. მომეჩვენა, რომ დამემუქრა კიდეც. ამიტომ, მინდა თქვენი მეშვეობით გავარკვიო, მართლა მემუქრება ნიკა მელია თუ ზოგადად გაბრაზებულზე იცის ასეთი ლაპარაკი”.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, მელიამ მუქარის შემცველი ტონით დაურეკა თუ არა, იაგო ხვიჩიამ უპასუხა, რომ მას ასე მოეჩვენა და რადგან ენმ-ის თავმჯდომარე ფიზიკურად მასზე ძლიერია, იარაღის ტარების ნებართვას ითხოვს. ხვიჩიას თქმით, “პოლიტიკურ პარტნიორს” პოლიციაში ვერ უჩივლებს.

“მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა. ის ჩემზე დიდია ფიზიკურად და ჩემი მორევა შეუძლია. პარლამენტის წევრი ვარ და იარაღის ტარების უფლება მაქვს. თუ ეს მართლა მუქარაა და ბატონი მელია მართლა მემუქრება და ამას დაადასტურებს თქვენი ეთერით, უნდა მივმართო საქართველოს პარლამენტს, ან ვინც არ უნდა იყოს, რომ იარაღის ტარების ნებართვა მქონდეს, რადგან მურუსიძის სასამართლოს იმედად… პოლიციაში ხომ არ ვუჩივლებ ჩემს პარტნიორს. მე ასეთი ადამიანი არ ვარ… ჩემზე დიდი რომ არ მომერიოს, მჭირდება თავდაცვის საშულება. ჯერ უბრალოდ ვაზუსტებ, ნიკა მელია დამემუქრა თუ ხუმრობა იყო. მელიას სიტყვას რომ პატივს ვცემ, ამიტომ მინდა გავარკვიო, მემუქრებოდა დებატებზე გამოწვევით, თუ ფიზიკურად რომ ჩემზე დიდია, მაგით ,”-თქვა ხვიჩიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა განაცხადა ხვიჩიამ ისეთი, რამაც შესაძლოა ნიკა მელია გააბრაზა, “გირჩის” წევრი ამბობს, რომ მან დღეს “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” გააკრიტიკა “პარლამენტარიზმის ჩაშლის” გამო, რაც მისი აზრით, ორივე პარტიას სურს.

ნეტგაზეთი “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ამ საკითხზე საპასუხო განცხადების დაკეთებას არ აპირებენ.

“გირჩის” ლიდერის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა თინა ბოკუჩავამ. როგორც მან “ტვ პირველს” უთხრა, შეუძლებელია ნიკა მელია ვინმეს დამუქრებოდა:

“პირდაპირ გეუბნებით, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ რაიმე ტიპის მუქარის შემცველი კომუნიკაცია ყოფილიყო ნიკა მელიას მხრიდან. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თუ არსებობს კითხვები ამასთან დაკავშირებით, თავად ნიკა მელიასაც ექნება საშუალება, რომ გასცეს პასუხი. თუ ამას სერიოზულად ამბობს იაგო ხვიჩია, ასეთ სერიოზულ ბრალდებას სერიოზული დასაბუთება სჭირდება. პოლიტიკურ ჭორაობაში ნამდვილად არ უნდა გადავიდეს ოპოზიცია.”

მასალების გადაბეჭდვის წესი