ახალი ამბები

პირველივე დღიდან მისი დაპატიმრების წინააღმდეგი ვიყავი – ჩავლეიშვილი ფანგანზე

25 იანვარი, 2021 • 947
პირველივე დღიდან მისი დაპატიმრების წინააღმდეგი ვიყავი – ჩავლეიშვილი ფანგანზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი, რომელსაც თავზე ნაგავი დააყარეს, ამბობს, რომ ირაკლი ფანგანის დაკავების წინააღმდეგია, თუმცა მიიჩნევს, რომ 23 იანვარს მომხდარი ფაქტი გამოხატვის თავისუფლებას სცდება.

“ძალიან ვწუხვარ, მსგავსი ფაქტი რომ მოხდა. უფრო მეტი პრობლემაა საქართველოში და რამდენიმე დღეა მხოლოდ ეს თემა მუსირებს. ცუდია ადამიანების ინტერესის ასეთ თემებზე გადატანა, რადგან მძიმე ეკონომიკური, ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა ქვეყანაში. რაც შემეხება მე, მინდა გითხრათ, რომ პირველივე დღიდან წინააღმდეგი ვიყავი მისი დაპატიმრების და რაიმე მსგავსი მკაცრი სანქციების შემოღების. მოგეხსენებათ, ლიბერალური პარტიის წევრი ვარ და ძალიან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. როდესაც ესენი მაბულინგებდნენ არა მხოლოდ ახლა, არამედ Facebook-ზე, გვერდიც არ წამიშლია… ეს გამოხატვის თავისუფლებაა, თუმცა ის უზრდელობაში არ უნდა გადავიდეს”,-აცხადებს ჩავლეიშვილი “პალიტრანიუსთან” საუბრისას.

23 იანვარს აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარის დამცველთა საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც მოძრაობა „ალტერნატივის“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ისინი ირაკლი ჩავლეიშვილს ეძახდნენ მოღალატეს იმის გამო, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შევიდა ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოში.

ბულვარის დასაცავად „ბათომის“ მიერ ორგანიზებულ აქცია ირაკლი ჩავლეიშვილმა პოლიციის თანხლებით დატოვა, თუმცა მას „ალტერნატივის“ აქტივისტები ევროპის მოედნამდე გაჰყვნენ და ერთ-ერთმა მათგანმა ნაგვის ურნიდან თავზე ნაგავი გადააყარა.

დღეს, 25 იანვარს, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა და მომხდარზე ირაკლი ფანგანს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით მისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვა.

უწყებაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 23 იანვარს ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ, რა დროსაც ჩავლეიშვილს, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო, უარყოფითად განწყობილმა ფანგანმა თავზე ნაგავი დააყარა.

პოლიციამ ფანგანი 24 იანვარს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი