ახალი ამბები

პროკურატურა ირაკლი ფანგანისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს

25 იანვარი, 2021 • 726
პროკურატურა ირაკლი ფანგანისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, უწყებამ ბათუმში მომხდარ ინციდენტზე ირაკლი ფანგანს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

უწყებაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 23 იანვარს ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ, რა დროსაც ჩავლეიშვილს, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო, უარყოფითად განწყობილმა ფანგანმა თავზე ნაგავი დააყარა.

პოლიციამ ფანგანი 24 იანვარს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ფანგანი ბრალდების წარდგენის შემდეგ დაკავებიდან გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

23 იანვარს აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარის დამცველთა საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც მოძრაობა „ალტერნატივის“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ისინი ირაკლი ჩავლეიშვილს ეძახდნენ მოღალატეს იმის გამო, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შევიდა ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოში.

ბულვარის დასაცავად „ბათომის“ მიერ ორგანიზებულ აქცია ირაკლი ჩავლეიშვილმა პოლიციის თანხლებით დატოვა, თუმცა მას „ალტერნატივის“ აქტივისტები ევროპის მოედნამდე გაჰყვნენ და ერთ-ერთმა მათგანმა ნაგვის ურნიდან თავზე ნაგავი გადააყარა.

საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობიდან” ცალსახად დაგმეს სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ. პარტიის სხვა ლიდერების შეფასებით, ეს ფაქტი მოსაწონი არა, თუმცა გასაგებია. ჩავლეიშვილი უმაღლეს საბჭოში სწორედ ენმ/”ძალა ერთობაშიას” სიით გავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი