ახალი ამბები

“ცოტა გასაკვირიც კი იყო შედეგები” — პარტიები NDI-ის გამოკითხვაზე

25 იანვარი, 2021 • 1205
“ცოტა გასაკვირიც კი იყო შედეგები” — პარტიები NDI-ის გამოკითხვაზე

დღეს, 25 იანვარს, NDI-მ ახალი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის შედეგებს პოლიტიკური პარტიების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ზოგიერთისთვის კი შედეგები “ცოტა გასაკვრიც” აღმოჩნდა.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა  38% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 32%-ის აზრით კი, ქვეყანას სწორი მიმართულება აქვს. გამოკითხულთა 42%-ს მიაჩნია, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის .

გამოკითხულთა უმრალესობა მთავარ ეროვნულ საკითხებად სამუშაო ადგილებსა(46%) და სიღარიბეს(37%) ასახელებს.

ამასთან, NDI-ის მიერ გამოკითხულთა 76%-ის აზრით, იმისთვის, რომ პარლამენტმა მათნაირი ადამიანების ინტერესები გაატაროს, მნიშვნელოვანია, ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში. გამოკითხულთა 81%-ის აზრით, მათი ინტერესების გასატარებლად მნიშვნელოვანია, ყველა პარტიამ ერთმანეთთან ითანამშრომლოს.

კითხვაზე, “რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს”, გამოკითხულთა 31-მა პროცენტმა “ქართული ოცნება” დაასახელა, არცერთი პარტია დაასახელა 25%-მა, პასუხზე უარი განაცხადა 24%-მა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დაასახელა 5%-მა, ასევე 5%-მა უპასუხა, რომ არ იცის, ხოლო 9%-მა სხვა პარტიები დაასახელა, მათ შორის “პატრიოტთა ალიანსი”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი”, “ევროპული საქართველო”, “ლელო”, “ლეიბორისტული პარტია”.

NDI-ს მიმართ კრიტიკულად  განწყობილი “ქართული ოცნების” ზოგიერთი წევრისთვის დღეს გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგები “ცოტა გასაკვრიც” კი იყო. პარტიის აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, შედეგები გაკვირვებას იწვევს წლების განმავლობაში ორგანიზაციის”სერიოზული ცდომილების მიზეზების” გამო.

“როდესაც 42% ფიქრობს რაღაცას, შესაბამისად, სხვა დანარჩენი ამ პოზიციას არ იზიარებს, გასაგებია. არ ვართ ჩვენ ის სახელმწიფო, სადაც ყველა ერთ აზრზეა. მიუხედავად იმ ძალიან პოზიტიური შედეგებისა, რაც NDI-ს დასკვნაში არის ასახული”, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უმრავლესობის კიდევ ერთ ლიდერს, გია ვოლსკის კი პრეტენტზიები აქვს კვლევაში დასმული კითხვების ფორმულირებასთან.

“უმუშევრობას გიდასტურებთ, რომ ძალიან მძიმეა და ეს არ არის, სამწუხაროდ, მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ძალიან ცუდია, რომ პანდემიის თემით სპეკულირება არის მთავარი რესურსი, რომელიც პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ და, შესაბამისად, ეს პოლიტიკურ ველზეც წარმოშობს გარკვეულ დაძაბულობას. როდესაც დემოკრატიაზე ვლაპარაკობთ, საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს, რა ნიშნით შეიძლება იქნეს ეს საკითხები შეფასებული. როცა კონკრეტულ ადამიანს შეკითხვას უსვამ, მაშინ უნდა დააზუსტებინო, რატომ არ არსებობს[დემოკრატია საქართველოში], რა ნიშანი არ არის, რომელიც დემოკრატიად წარმოადგენს საქართველოს, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ყველა კვლევაში”, — განაცხადა გია ვოლსკიმ.

კვლევის მეთოლოდოლოგიის გამო შედეგებს არარეპრეზენტაციულად მიიჩნევს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ბეჟაშვილი.

“ამ ქვეყანაში, როდესაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველა სატელეფონო საუბრები ისმინება და ხელისუფლების მიმართ ამ მხრივ უნდობლობა  არის, პრაქტიკულად, სატელეფონო კვლევების ჩატარება, ბუნებრივია, არ არის რეპრეზენტაბელური. იმიტომ, რომ ხალხში შიშის ფაქტორი მაინც მუშაობს. ის ნიჰილიზმი, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს, ეხება როგორც ხელისუფლებაში მოკალათებულ ადამიანებს, ასევე ოპოზიციის მიმართაც ეს ნიჰილიზმი არსებობს. ამიტომ ეს კვლევა ჩვენ გვაჩვენებს რეალურ სურათს, რა ვითარებაში არის საზოგადოება”, — განუცხადა “ტვ პირველს” ლევან ბეჟაშვილმა.

“ევროპული საქართველოს” წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით კი, კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქვეყანა  უკიდურეს კრიზისშია, რასაც უიმედობა და პოლარიზაცია ემატება.  კვლევის მეთოდოლოგიაზე ყურადღება თარხნიშვილმაც გაამახვილა და აღნიშნა, რომ იმ ადამიანების პროპორცია, ვინც არ პასუხობს
კითხვას, საკმაოდ დიდია და ამ კვლევით პარტიულ რეიტინგებზე საუბარი უხერხულია.

“ვერ ვიტყოდი, რომ ოპოზიციის რეიტინგი არის შემცირებული, უბრალოდ ძალიან დიდი პროპორციაა ადამიანების, რომლებიც არ პასუხობენ კითხვაზე და ეს გასაგებია, რადგან ისედაც საეჭვო ვითარებაა, ამას ემატება სატელეფონო გამოკითხვა და ზოგაგად, ეს პრობლემა არის NDI-ის კვლევების პრობლემა, რასაც თვითონ ჩამტარებლებიც აღიარებენ. შესაბამისად, ამ შემთხვევაში პარტიების რეიტინგზე ლაპარაკი ცოტა უხერხულია, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვილაპარაკოთ სხვა საკითხებზე, როგორიცაა ქვეყნის უსაფრთხოება, დემოკრატია და ხალხის ზოგადი განწყობები”, — განაცხადა თარხნიშვილმა.

“ლელოს” წევრის, ანა ნაცვლიშვლის შეფასებით, კვლევამ  აჩვენა, რომ ოპოზიციას ბევრი სამუშაო აქვს.

“ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, ეს მუშაობა დავიწყეთ წინასაარჩევნო პერიოდში და გავაგრძელბთ ამას. ჩვენ ვიცით, რომ იმ ტიპის ქვეყნებში, რომელიც არის საქართველო და იმ გამოწვევების პირობებში, რთულია იყო ოპოზიციაში და ძალიან რთულია დღეს მოქალაქეებს პოლიტიკური პროცესის მიმართ დაუბრუნო რწმენა. კიდევ ერთხელ ადასტურებს ეს კვლევა, რომ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო”, — განუცხადა “ტვ პირველს” ანა ნაცვლიშვილმა.

პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი კი ამბობს, რომ  პოლიტიკური პროცესების მიმართ NDI-ს კვლევის შედეგები მათი პარტიის მოსაზრებებს ემთხვევა.

“მე ვიზიარებ ჩვენი მოქალაქეების მოსაზრებას, რაც დადასტურდა NDI-ს კვლევით, სადაც 80% თვლის, რომ პოლიტიკური პროცესი უნდა გაგრძელდეს პარლამენტში. მე ვარ ამის მომხრე. ოპოზიცია არ დგამს თანმიმდევრულ ნაბიჯებს, ოპოზიცია არ ცდილობს კრიზისის განმუხტვას მოლაპარაკებების გზით. მხოლოდ ჩვენი პარტია დგამს ამ მიმართულებით ინდივიდუალურ ნაბიჯებს. სხვა ოპოზიციურ პარტიებში ასეთ სურვილს და მზაობას ვერ ვხედავ. მე მგონი, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ ასეთი ციფრები გამოვიდა”, — განაცხადა ლევან იოსელიანმა.

რაც შეეხება კვლევის სოციალურ და ეკონომოკურ ნაწილს, “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, სერგო ჩიხლაძის შეფასებით, ყველა ეს პრობლემა, რომელიც პირველ ხუთეულშია,  პანდემიის ქოლგის ქვეშაა გაერთიანებული.

“ზუსტად პანდემიასთან არის დაკავშირებული და როგორ გავუმკლავდებით ჩვენ ამ პანდემიას უახლოეს პერიოდში — რამდენად დავამარცხებთ სიღარიბეს, რამდენად შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი და რამდენად გაიზრდება ზოგადად ეკონომიკა. იმიტომ, რომ ყველა ეს საკითხი პირდაპირ ბმაშია პანდემიასთან”, — განუცხადა “ფორმულას” სერგო ჩიხლაძემ.

დღეს, 25 ინვარს გამოქვეყნებული კვლევა 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი