ახალი ამბები

მდინარაძის თქმით, შეხვედრაზე “მოქალაქეებმა” რეგლამენტზე წუხილი გამოთქვეს, იოსელიანი უარყოფს

25 იანვარი, 2021 • 1079
მდინარაძის თქმით, შეხვედრაზე “მოქალაქეებმა” რეგლამენტზე წუხილი გამოთქვეს, იოსელიანი უარყოფს

“ქართული ოცნების” ლიდერი მამუკამ მდინარაძე აცხადებს, რომ “მოქალაქეებთან” შეხვედრის დროს ალეკო ელისაშვილმა წუხილი გამოთქვა, რომ უფრაქციო დეპუტატებს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისთვის ცოტა დრო აქვთ რეგლამენტით მინიჭებული.

მდინარაძის თქმით, აღნიშნული საკითხი იმ ცვლილებებშია ასახული, რომელიც რეგლამენტში უნდა შევიდეს და მიმდინარე კვირაში დაიწყება განხილვა:

“მიმდინარე კვირაში რეგლამენტში განხორციელდება ცვლილებები და ოპოზიციის წარმომადგენელ პარლამენტის წევრებს შეეძლებათ გაერთიანდნენ ჯგუფად და წარადგინონ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურები. ოპოზიციურ პარტიებს, ამავდროულად, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს, შეეძლებათ კიდევ უფრო ადვილად ჩაერთონ საპარლამენტო განხილვებში, რისთვისაც მათ საპარლამენტო დებატებში გამოსვლისთვის დრო გაეზრდებათ 15 წუთამდე.

ამასთან დაკავშირებით “ევრიპელ სოციალისტებს” ჰქონდათ გარკვეული წინადადებები. ჩემთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს ალეკო ელისაშვილმაც დააფიქსირა წუხილი და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მანამდე იყო პრინციპში მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომ დრო გამოსვლებისთვის განესაზღვროთ 15 წუთამდე”, – ამბობს მდინარაძე.

აღნიშნულ საკითხზე საუბარს უარყოფს პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი. მისი თქმით, მდინარაძესთან და თალაკვაძესთან გამართული შეხვედრის დროს რეგლამენტზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა:

“რეგლამენტზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი, ასეთ რამეს ვერ იტყოდა გამომდინარე იქიდან, რომ ინიცირება რეგლამენტის მოხდა ადრე, ჩვენს შეხვედრამდე. არ ვიცი, რას ემსახურება მისი ეს განცხადება, მან ძალიან კარგად იცის ჩვენი მოთხოვნები, ჩვენ რა შემთხვევაში მოვაწერთ ხელს შეთანხმებას. თუ ასე თქვა, ეს არის ტყუილი”, – ამბობს იოსელიანი.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა 21 იანვარს განაცხადა, რომ ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებების პროცესი დაასრულა და მზად არიან “ქართულ ოცნებასთან” შესახვედრად. როგორც ელისაშვილი აცხადებდა, მმართველ პარტიასთან პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე აპირებდა საუბარს და იმის გაგებას, არის თუ არა მზად ელჩების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებებისას შეთანხმებული პირობების შესრულებაზე.

შეხვედრა 22 იანვარს გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს არჩილ თალაკვაძემ და მამუკა მდინარაძემ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა აღნიშნა, რომ “ოცნებასთან” მოლაპარაკებები გაგრძელდებოდა.

ალეკო ელისაშვილი კი აცხადებდა, რომ პრობლემურ საკითხად რჩება კვლავ გიორგი რურუას, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების შესახებ მოთხოვნა, რამდენადაც მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ ეს პირები პოლიტიკური პატიმრები არიან. ელისაშვილი აღნიშნავდა, რომ ეს მათ პარტიისთვის პრინციპული საკითხია:

“მე და ლევან იოსელიანი “მოქალაქეების” სახელით ვიყავით მოსულები, რომ გაგვერკვია, ჰქონდა თუ არა მზაობა “ქრათულ ოცნებას” იმ 4 საკითხთან დაავშირებით და იყო თუ არა მზად წასულიყო კომპრომისებზე. მეოთხე რაუნდის შემდეგ გავიდა ძალიან დიდი დრო, მეხუთე რაუნდის პერსპექტივა ჰაერში გამოეკიდა და ამიტომ ვიყავით მოსული.

4-ვე პუნქტზე, რა თქმა უნდა, ვიმსჯელეთ. რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე საკითხი იყო პოლიტპატიმრების საკითხი. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მეც და ლევანიც ამ საკითხს არაერთხელ დავუბრუნდით, ძალიან პრინციპულად ვსვამდით, თუმცა, რა თქმა უნდა, ასევე, ცნობილია, რომ “ქართული ოცნება” უბრალოდ არც აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი