ახალი ამბები

ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტებისადმი მხარდაჭერა იზრდება | NDI

25 იანვარი, 2021 • 1587
ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტებისადმი მხარდაჭერა იზრდება | NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა [NDI] და CRRC-საქართველოს მიერ დღეს, 25 იანვარს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში 2020 წლის იანვართან შედარებით დეკემბერში გაზრდილია ევროკავშირისადმი მხარდაჭერა.

კითხვაზე, “მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი”, გამოკითხულთა 80 პროცენტი პასუხობს, რომ მისაღებია, რაც 4 პროცენტით აღემატება იანვრის თვის ანალოგიურ მონაცემებს.

გასული წლის იანვრის თვესთან შედარებით იმ გამოკითხულ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მხარს არ უჭერენ საქართველოს ევროკავშირის წევრად გახდომას, უცვლელი დარჩა – 8 პროცენტი. გამოკითხულთა 12 პროცენტს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

NDI-ის კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანება ყველაზე მეტად მისაღებია ქალაქის მცხოვრებლებისთვის, სადაც გამოკითხულთა 81 პროცენტი მხარს უჭერს ორგანიზაციის წევრობას. ევროკავშირში გაწევრიანებას შედარებით ნაკლები ადამიანი უჭერს მხარს სოფლად – 77 პროცენტი.

კვლევის მიხედვით, ასევე გაიზარდა NATO-ს მიმართ მხარდაჭერა. კითხვაზე, “მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი”, გამოკითხულთა 74 პროცენტი პასუხობს, რომ “მისაღებია”, რაც 5 პროცენტით აღემატება 2020 წლის იანვრის თვის მონაცემებს.

გამოკითხულთა შორის შემცირებულია იმ პირთა რიცხვი, რომლებიც მხარს არ უჭერენ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. 2020 წლის დეკემბერში გამოკითხულთა მხოლოდ 9 პროცენტია NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგი, განსხვავებით იანვრის თვის შედეგებისა, როდესაც გამოკითხულთა 11-მა პროცენტმა მხარი არ დაუჭირა ორგანიზაციის წევრობას.

ევრო-ატლანტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანებას ყველაზე მეტად მხარს 18-34 ასაკის მოქალაქეები უჭერენ.


დღეს, 25 ინვარს გამოქვეყნებული კვლევა 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა  საქართველოს მასშტაბით 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი