ახალი ამბები

21 ევროპარლამენტარი EU-ს სთხოვს, საქართველოს და EaP-ის სხვა ქვეყნებს ვაქცინების მომარაგებაში დაეხმაროს

23 იანვარი, 2021 • 1552
21 ევროპარლამენტარი EU-ს სთხოვს, საქართველოს და EaP-ის სხვა ქვეყნებს ვაქცინების მომარაგებაში დაეხმაროს

ევროპარლამენტის 21 წევრი სხვადასხვა პარტიიდან და ქვეყნიდან ევროკავშირის სტრუქტურების  მაღალჩინოსნებს ერთობლივი ღია წერილით მიმართავს და სთხოვს, ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებს ვაქცინაციის პროცესში დაეხმაროს.

ევროპარლამენტის წევრები მიესალმებიან ევროკომისიის ლიდერების ორგანიზებას ვაქცინების მარაგის შესყიდვასთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებისთვის. მათი თქმით, ეს არის თანამშრომლობის სამაგალითო საქმე, რომელიც ისტორიას დარჩება, როგორც ერთიანობის მოდელი.

წერილის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ მიესალმებიან ევროკავშირის სტრუქტურების ხელმძღვანელი პირების განცხადებებს ვაქცინების გაზიარების მექანიზმის შექმნის შესახებ პარტნიორი ქვეყნებისთვის. ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ეს განცხადება ნაწილობრივ ეხება იმ საკითხს, რომელიც მათ აწუხებთ და რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ვაქცინაციას ეხება.

როგორც ცნობილია, აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე არსებული ქვეყნებისა და EU-ს თანამშრომლობის ერთობლივი მექანიზმია, მისი წევრია საქართველოც.

“ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ, რომ დღეისათვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უმრავლესობა მხოლოდ COVAX-ის მექანიზმის იმედადაა, რაც არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ მოსახლეობის იმუნიტეტი (herd immunity) ჩამოაყალიბონ. მეტიც, COVAX ვაქცინებს მხოლოდ გაზაფხულისთვის სთავაზობს, რაც მნიშვნელოვანი განსხვავებაა დროში, თუ, მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებს შევადარებთ. ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი ლოდინზე ორჭოფობს, ან უკვე იყენებს, ან განიხილავს ჩინურ და რუსულ ვაქცინებს. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, რამდენად ეფექტურია ეს ვაქცინები, ან შეესაბამება თუ არა ავტორიზაციის კრიტერიუმებს. ამ ვაქცინების გამოყენება უსათუოდ იქნება გამოყენებული რუსეთისა და ჩინეთის მიერ ამ რეგიონში საკუთარი გავლენების გასაზრდელად და ძირს გამოუთხრის EU-ს უფრო დიდ მხარდაჭერას.

ჩვენი პოზიცია თანხვედრაშია ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების 6 იანვრის წერილთან. ჩვენი სურვილია, რომ არ განვასხვავოთ სამხრეთელი მეზობლები აღმოსავლეთ რეგიონისგან და თანაბარი დახმარება გავუწიოთ  აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ვაქცინების მომარაგების საქმეში. მოგიწოდებთ, მოამზადოთ დეტალური გეგმა, რომელშიც აღნიშნული იქნება, როდის და რამდენ ვაქცინას უნდა ელოდნენ ჩვენი პარტნიორები. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყანებმა უკვე მიიღეს ვაქცინის დონაცია ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნისაგან”, – ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.

“ჩვენ ვითხოვთ იგივე მიდგომას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ. უაღრესად მნიშნელოვანია მაღალი რისკჯგუფებისა და წინა ხაზზე მომუშავე პერსონალის სწრაფი აცრა. ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ჩვენს მეზობლებს, რომ ამ ჯგუფების ვაქცინაცია რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ. მეტიც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა მოსახლეობის იმუნიტეტს დროის იმ მონაკვეთში მიაღწიონ, რაშიც ამას ევროკავშირის წევრები შეძლებენ”, – ნათქვამია წერილში, რომლის ადრესატებიც არიან:

  • ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი
  • ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეპ ბორელი
  • ევროკომისარი ჯანმრთელობისა და საკვების უსაფრთხოების საკითხებში სტელა კირიაკიდესი
  • ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰელი

წერილს ხელს აწერენ შემდეგ დეპუტატები;

პეტრას აუსტრიევიჩუსი (Renew Europe) ლიეტუვა
რადოსლავ შიკორსკი (EPP), პოლონეთ
დაჩიან ჩოლოში, (Renew Europe), რუმინეთი
იაროსლავ დუდა (EPP), პოლონეთი
დრაგოშ ტუდორაქე (Renew Europe), რუმინეთი
ანდრეი კოვატჩევი (EPP), ბულგარეთი
მიხალ შიმეჩკა, (Renew Europe), სლოვაკეთი
მარეკ ბელკა (S&D), პოლონეთი
გეორგი ფალკა (EPP), რუმინეთი
ალინ მიტიუტა, რუმინეთი (Renew Europe)
ბრონის როპე (Greens), ლიეტუვა
ვლად-მარიუს ბოტოში (Renew Europe), რუმინეთი
ანდრიუს კუბილიუსი (EPP), ლიეტუვა
კარენ მელქიორი, (Renew Europe), დანია
რასა იუკნე-ვიჩიენჩი, EPP, ლიეტუვა
დრაგოშ პისლარუ, (Renew Europe), რუმინეტი
სანდრა კალნიეტე (EPP), ლატვია
იუზას ოლეკასი, (S&D0, ლიეტუვა
რამონა-ვიქტორია სტრუგარიუ (Renew Europe), რუმინეთი
ლიუდას მაჟილისი Liudas Mažylis, EPP, Lithuania
ივან შტეფანეცი (EPP), სლოვაკეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი